Thumbnail

ექსპერტიზის დასკვნა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცნობილია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა
  • 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზად ასფიქსია დასახელდა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

საბურთალოს ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. სამხარაულის ექსპერტის ბიუროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა. 

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით,", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდნენ. საბურთალოს აკადამიის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა და მას შემდეგ გაუჩინარდა მისი კვალი. 22 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა გიორგის ცხედარი წყალში იპოვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს, მათ შორის სპორტსმენები, გამოძიება კი საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები