Thumbnail

'დამაჯერებელი გამარჯვება დავიმსახურეთ' - ჯიღაურმა და მანჯგალაძემ მატჩი შეაფასეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა
  • გია გეგუჩაძის გუნდმა თბილისის ლოკომოტივი 4:1 დაამარცხა
  • პოპსპორტთან მატჩი ჯაბა ჯიღაურმა და გიული მანჯგალაძემ შეაფასეს

დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ლოკომოტივი 4:1 დაამარცხა და ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. მატჩის შემდეგ, ბათუმელთა ფეხბურთელებმა ჯაბა ჯიღაურმა და გიული მანჯგალაძემ თამაში შეაფასეს. ნაჩვენები ხარისხით და განსაკუთრებით შედეგით ორივე კმაყოფილია.

ჯაბა ჯიღაური: „პირველ რიგში მინდა, ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. პაუზის შემდეგ მოგება პირველად მოვახერხეთ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თამაში საინტერესოდ წარიმართა, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და აქედან გამომდინარე დავიმსახურეთ დამაჯერებელი გამარჯვება. მინდა, ლოკომოტივს წარმატებები ვუსურვო.

რაც შეეხება ჩემს გოლს: კონტრშეტევა იყო, ბრწყინვალე პასი მივიღე თორნიკე გაფრინდაშვილისგან, რომელსაც ეს გადაცემა არ უნდა დავუკარგოთ. გამიხარდა, რომ გოლი გავიტანე. თუმცა, მთავარი გუნდის გამარჯვება იყო“.

გიული მანჯგალაძე: „დიდი ხანი ველოდით ამ გამარჯვებას და მნიშვნელოვანი სამი ქულა იყო. მთავარი გახლდათ შედეგი. თამაშის ხარისხიც კარგი იყო, მომენტები შევქმენით, უფრო მეტის გატანაც შეგვეძლო და რა თქმა უნდა, თამაში კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ. ამ ეტაპზე მთავარი 3 ქულა იყო და ყველანი კმაყოფილები ვართ, ველოდებით შემდეგ თამაშს.

საკუთარ თამაშს ვერ შევაფასებ, ეს ხალხმა, გულშემატკივარმა უნდა გააკეთოს. მთავარია, რომ თამაში მოვიგეთ. გახურების დროს დავინახეთ გულშემატკივრები და რა თქმა უნდა, მადლობა მათ. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. იმედია, მათ გახარებას მომავალშიც გავაგრძელებთ."

შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 18 ივლისს, ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ლოკომოტივი 1:4 დინამო ბათუმი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები