Thumbnail
  • ლოკომოტივი 1:4 დინამო ბათუმი
  • გოლები: 0:1 ჯოვინო (15), 0:2 ჯოვინო (25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)
  • ბათუმელებმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს
  • გიორგი ჭიაბრიშვილი დებიუტი ლოკომოტივში წარუმატებელი გამოდგა

საქართველოს ჩემპიონატის ზედიზედ 4 ფრით დაწყების შემდეგ, დინამო ბათუმმა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა: გია გეგუჩაძის გუნდმა მეხუთე ტურის ერთ-ერთ მთავარ მატჩში თბილისის ლოკომოტივი სტუმრად 4:1 დაამარცხა. რესტარტის შემდეგ გამარჯვების გარეშე იყო ლოკომოტივიც, სადაც მწვრთნელი შეიცვალა - გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ წარუმატებელი გამოდგა.

ბათუმელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება: მატჩის მე-15 და 25-ე წუთებზე ფლამარიონ ჯოვინომ დუბლი შეასრულა. დინამო ბათუმის ბრაზილიელმა ლიდერმა ჯერ ლევან გეგეჭკორის კარგი პასით გამოიყენა და მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო, 10 წუთის შემდეგ კი ლოკომოტივის მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მეორე გოლის დროს ჯოვინომ მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა

გავიდა კიდევ 9 წუთი და გეგუჩაძის გუნდის უპირატესობა სამამდე გაიზარდა: გიული მანჯგალაძის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ, ლოკომოტივის მცველებმა დინამო ბათუმის ცენტრალური მცველი მალხაზ გაგოშიძე უყურადღებოდ დატოვეს და მანაც მამარდაშვილის კარში ბურთი თავით გადაგზავნა.

ბათუმელები მალხაზ გაგოშიძის გოლს ზეიმობენ

მეორე ტაიმში ლოკომოტივმა მეტად მოინდომა, რეალური საგოლე მომენტების შექმნა კი უჭირდა. თუმცა 59-ე წუთზე ჭიაბრიშვილის გუნდმა სხვაობის შემცირება შეძლო: შეცვლაზე შესული კირკიტაძის პასის შემდეგ, სიხარულიძის დარტყმა ალავიძემ მოიგერია, მაგრამ ბათუმელ მცველებს ასევე შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დაასწრო და დაუცველ კარში გაიტანა - 1:3.

ბათუმელი ფანები დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ქომაგობდნენ

თუმცა ლოკომოტიბმა მეტი ვეღარ გაიტანა. 83-ე წუთზე ჯოვინოს შეეძლო ჰეთთრიკის შესრულება, მაგრამ ბრაზილიელის დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან მამარდაშვილმა მოიგერია. სამაგიეროდ, გაიტანა ჯიღაურმა - საქართველოს ნაკრების შემტევი გაფრინდაშვილის პასით ლოკოს მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი ასევე თავზე გადაუგდო. საბოლოოდ, 1:4.

📺 მატჩის მიმოხილვა

ლოკომოტივი 1:4 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯოვინო (15), 0:2 ჯოვინო (25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)

ლოკომოტივი (4-4-2): მამარდაშვილი - კაპანაძე, ჭანტურია, გურეშიძე, გაბაძე - სამურკასოვი (58. თ. კირკიტაძე), შონია, დარცმელია, ა. კობახიძე (51. დ. კირკიტაძე) - სიხარულიძე, არველაძე (53. გავაშელიშვილი).

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, მ. კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი (88. ჩალაძე) - მამუჩაშვილი, ტეიდი - ჯიღაური, ჯოვინო (85. დვალიშვილი), მანჯგალაძე - ნიქაბაძე (68. გაფრინდაშვილი).

საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი 12 ივლისს გაიმართება: ქართულ დერბიში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისს უმასპინძლებს. თბილისურ კლუბთან ერთად ცხრილს ასევე 8 ქულით გორის დილაც ლიდერობს, რომელიც 11 ივლისს თბილისის მერანს უმასპინძლებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები