Thumbnail

მას შემდეგ, რაც ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა, რუსული კლუბსა და ესპანურ ბასკონიას შორის გარიგების დეტალები გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს, რომელიც ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა, მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, ამდენად, რუსულ გრანდს გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოუხდა. ამ და კიდევ ერთ საინტერესო დეტალს, რომელიც NBA-ს უკავშირდება, ლიეტუველი ინსაიდერი დონატას ურბონასი ავრცელებს:

“ჩემი ინფორმაციით, ცსკა-მ შენგელიას ტრანსფერში დაახლოებით 1 მილიონი ევრო გადაიხადა. მითხრეს ისიც, რომ მის 3-წლიან კონტრაქტში NBA-სთან დაკავშირებული პუნქტიცაა შეტანილი. კერძოდ, თუკი თოკო ამერიკიდან შეთავაზებას მიიღებს, მოსკოველები მის წასვლას ხელს ვერ შეუშლიან”.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მძიმე ფორვარდის ცსკა-ში გადასვლის შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდა. 28 წლის შენგელია, რომელმაც ბასკონიაში 6 წელი გაატარა, ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 11.4 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.6 პასს აგროვებდა. მას NBA-ში ჩიკაგოსა და ბრუკლინში უთამაშია.

📺 ბასკონია თორნიკე შენგელიას ამ ვიდეოთი დაემშვიდობა

კომენტარები

ბოლო ამბები