Thumbnail
  • ჩოგბურთის სამყარო რესტარტისთვის ემზადება
  • ყურადღების ცენტრში აშშ-ის ღია პირველობაა
  • რაფაელ ნადალი, დიდი ალბათობით, არ ითამაშებს
  • ნოვაკ ჯოკოვიჩიც კითხვის ნიშნის ქვეშაა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ნადალი მადრიდის მასტერსზე იასპარეზებს, მისი თამაში აშშ-ის ღია პირველობაზე ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მადრიდის მასტერსი 14 სექტემბერს იწყება - ამერიკის ღია პირველობის ფინალიდან 1 დღეში. ესპანური მედიის ინფორმაციით, ნადალის მონაწილეობა მადრიდის ტურნირზე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ რაფა ამერიკის ღია პირველობაზე ტიტულის დაცვას არ შეეცდება. საინტერესოა ისიც, რომ US Open-ის გამოტოვებით 34 წლის ესპანელი ისარგებლებს კიდეც. აგიხსნით: ახლახან შეცვლილი წესის შედეგად, ნადალი 2019 წელს აღებულ სარეიტინგო ქულებს წლის ბოლომდე შეინარჩუნებს, შესაბამისად, შეინარჩუნებს ნიუ იორკში ტრიუმფისთვის აღებულ 2000 ქულას. მადრიდის ტურნირს კი რაფა შარშან ნახევარფინალში გამოეთიშა და თუ წელს ტიტულს მოიგებს, 600 ქულა დაემატება.

აღსანიშნავია, რომ ნადალის მთავარი და დიდი მიზანი საფრანგეთის ღია პირველობის მოგებაა, რომელიც კორონავორუსის პანდემიის გამო გადაიდო და 27 სექტემბერს უნდა დაიწყოს. აშშ-ის ღია პირველობაზე უარის თქმით, რაფა მშვიდად მოემზადება რონალ გაროსისთის - ამიტომაც ურჩევნია მას მადრიდის მასტერსზე თამაში, ტურნირზე, რომელსაც საფრანგეთის ღია პირველობის მსგავსად, თიხნარზე თამაშობენ. ნადალს როლან გაროსის მოგება მეცამეტედ შეუძლია და თუ ამას შეძლებს, 20 დიდი სლემი ექნება მოგებული, რითაც რეკორდსმენ როჯერ ფედერერს გაუთანაბრდება.

რაფასთვის პრიორიტეტი საფრანგეთის ღია პირველობის მოგებაა

ცოტა ხნის წინ, მისმა ბიძამ და მწვრთნელმა ტონი ნადალმაც თქვა, რომ რაფა ორივე დიდ სლემზე ალბათ არ ითამაშებდა: “ამ თემაზე რაფას კიდევ ერთხელ ვესაუბრე და შექმნილი ვითარება ძალიან არ მოსწონს. კალენდარი არარეალისტურია განსაკუთრებით გამოცდილი მოთამაშეებისთვის, რომლებიც ისეთ ასაკში არიან, რომ ზედიზედ რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ თამაშობენ,” - ციტირებდა ტონი ნადალს ESPN.

ნოვაკ ჯოკოვიჩიც ფიქრობს

ამერიკის ღია პირველობაზე ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა ნოვაკ ჯოკოვიჩის თამაშიც, რომელსაც ეს დიდი სლემი 3-ჯერ აქვს მოგებული. 33 წლის სერბს ადრია ტურის კორონა-სკანდალის გამო ჯერ კიდევ აკრიტიკებენ, თუმცა მისი ორჭოფობის მიზეზი ეს არ არის.

ნოლემ არაერთხელ თქვა, რომ საფრანგეთის ღია პირველობაზე (20 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე) თამაში სურს. მან ასევე აღნიშნა, რომ რომისა და მადრიდის ტურნირებზეც უნდა მონაწილეობის მიღება. US Open-ის შესახებ კი ჯოკოვიჩს არაფერი უთქვამს. “ჯერ კიდევ არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ნიუ იორკშიო,” - განუცხადა მან სერბულ გაზეთ Sportski Zurnal-ს და დასძინა, რომ ვაშინგტონისა და ცინცინატის ტურნირებზე ნამდვილად არ აპირებს თამაშს.

კომენტარები

ბოლო ამბები