Thumbnail

'შინ დაბრუნდი, მაიმუნო' - მერანის ბრაზილიელი ფეხბურთელი რასიზმზე ალაპარაკდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'საქართველოში ყოფნისას ისეთი რაღაცეები ვნახე, რაც სხვაგან არ შემიმჩნევია'
  • 'მაღაზიაში რომ შევდივარ, პერსონალიდან 2 ადამიანი თან დამყვება, რაც აუტანელია'
  • 'ბებიამ მითხრა, რომ ვიღაც რასისტების გამო ჩემს ოცნებაზე უარი არ ვთქვა'
  • ფელიპე ლაიმმა საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა

მარტვილის მერანის 23 წლის ფეხბურთელმა ფელიპე პაიმმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრაზილიურ პრესას და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოში ცხოვრებისას აწყდება. პაიმის თქმით, იგი ჩვენს ქვეყანაში რასიზმის მსხვერლი არაერთხელ გამხდარა. აი, რას წერს Polemicaparaiba.

“ფელიპე პაიმი საქართველოში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს, 2018 წლიდან ირიცხება. მასთან ერთად, ამჟამად, გუნდში 2 ლეგიონერია: კამერუნიდან და მალიდან. მარტვილში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ თბილისიდან 280 კილომეტრშია, 4 500 ადამიანი ცხოვრობს, მათგან შავკანიანი კი მხოლოდ აღნიშნული 3 ფეხბურთელია. ამის გამო, ფილიპე უსიამოვნო მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. მაგალითად, ერთხელ მაღაზიის რიგში მის გვერდში დგომა არავინ ისურვა.

“ვიცოდი, რომ ასეთი ამბები შეიძლება მომხდარიყო, თუმცა, ცხადია, მაინც საწყენია. რასიზმის პრობლემა ჩემს მშობლიურ ბრაზილიაშიც კი ძალიან თვალსაჩინოა, თუმცა, აქ ისეთი რაღაცეები მინახავს, რაც სხვაგან არ შემიმჩნევია”, - აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

პაიმისთვის მარტვილში ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა პანდემიის პერიოდში. მას მერანის ხელმძღვანელობისგან ისედაც რჩევა ჰქონდა მიღებული, რომ ქუჩაში ნაკლები ეარა, გასულ თვეებში კი, მას ურთიერთობაც კი არავისთან ჰქონდა. გუნდის სხვა ლეგიონერები ინგლისური ან ფრანგულ ენას ფლობდნენ, ფილიპეს კი ესე ენები არ ესმოდა. პერსონალი, რომელიც მის ბინას ალაგებდა, მზად იყო, ფეხბურთელისთვის პირველადი საჭიროების საგნები მოეტანა, რაც პაიმს საზოგადოებაში ნაკლებად გამოჩენაში დაეხმარებოდა.

“ყოველთვის, როდესაც მაღაზიაში მივდიოდი, პერსონალიდან 2 ადამიანი მაინც დამყვებოდა, რაც აუტანელი გახლდათ. ერთხელ ჩვენთან სინჯებზე მექსიკელი ფეხბურთელი იმყოფებოდა და როდესაც მაღაზიაში წავედით, გარკვეული ექსპერიმენტი ჩავატარე. ვთხოვე, ჯერ მხოლოდ ის შესულიყო და ყველაფერმა პრობლემის გარეშე ჩაიარა. თუმცა, როდესაც მე შევუერთდი, ისევ 2 ადამიანი გამოგვყვა და გვერდიდან არ მოგვცილებია”.

ბრაზილიელი ფეხბურთელი საქართველოში 2018 წლიდან თამაშობს

პაიმმა პროფესიული კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო და რამდენიმე ბრაზილიურ კლუბში ითამაშა, საქართველოში წასვლის ვარიანტი კი 2018 წელს გაჩნდა. მერანში ჩარიცხვამდე მან გორის დილასა და შევარდენში თამაშიც მოასწრო. რასიზმთან დაკავშირებული პრობლემებიც იმ დროიდანაც ახსოვს.

“ჩავთვალე, რომ ევროპულ ქვეყანაში გადმოსვლა ჩემი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ვიცი, რომ პოტენციალი მაქვს და აქ თავის გამოჩენის შემთხვევაში, ყურადღებას სხვებიც მომაქცევენ. ამიტომაც, ვცდილობ, მაქსიმალური თავშეკავება გამოვიჩინო. მახსოვს, შევარდენში თამაშისას ტრიბუნებიდან ინგლისურად დამიძახეს: “შენს ქვეყანაში დაბრუნდი, მაიმუნო”. ინგლისური ცუდად მესმის და ვიფიქრე, რამე ხომ არ მომეჩვენა-თქო. თანაგუნდელს ვკითხე, სწორედ თუ გავიგე და მან ყველაფერი დამიდასტურა”.

საქართველოში გატარებული არცთუ მცირე პერიოდის განმავლობაში ფილიპემ რამდენიმე ქართული სიტყვა ისწავლა და სალანძღავი ფრაზებიც იცის, ამდენად, თავის დაცვა უკეთ შეუძლია.

“თავდაპირველად, ცუდად მიყურებდნენ. სხვები რომ შეცდომას დაუშვებდნენ, მაინც მე მსაყვედურობდნენ. რატომ მიყვიროდნენ, არ მესმოდა. როდესაც ხმის აწევა და პასუხის გაცემა მეც დავიწყე, ყველაფერი შეიცვალა. ახლა, იგივე პრობლემა ჩვენთან მყოფ აფრიკელებს აქვთ. მათ უკვე ვუთხარი, რომ იგივენაირად მოიქცნენ და პასუხის გაცემა ისწავლონ”.

ფელიპე პაიმი მერანთან კონტრაქტზე ხელისმოწერისას

პაიმის თქმით, მისთვის მაიმუნი მეტოქე გუნდის ფეხბურთელსაც დაუძახია, თუმცა, ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, მერე კი, დამოკიდებულება შეიცვალა.

“სხვა ფეხბურთელებისგან ცუდი მართლა არაფერი მიგრძვნია, თუმცა, არის რაღაც რასაც სიტყვით ვერ გადმოვცემ. ამას მათ თვალებში ვკითხულობ. იგივეს ვგრძნობ, როდესაც მარტვილის ქუჩებში გავდივარ. ხალხი ჩერდება და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. სწორედ ამიტომ ვცდილობ მაღაზიებშიც კი აღარ ვიარო. საკუთარი თავის დაცვა არ გამიჭირდება, თუმცა, ვიცი, რომ რაიმე კონლფიქტს უარესი შედეგი მოჰყვება”.

ფილიპე სამშობლოში ახლობლებს ხშირად ეკონტაქტება და ისინი აუტანელი მდგომარეობის გამო, შინ დაბრუნებას ურჩევენ, თუმცა, მერანის ბრაზილიელი ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობს.

“როდესაც ამგვარ პრობლემებს პირველად წავაწყდი, შინ მართლაც ხშირად ვრეკავდი და ნუგეშს ვეძებდი. დედა მამშვიდებდა, ბებიამ კი მითხრა: “ფეხბურთის თამაში ხომ შენი ოცნებაა? ეს ხომ ყოველთვის გინდოდა. ასე რომ, ვიღაც რასისტების გამო არ დანებდე”. დამატებითი ძალა სწორედ მისმა სიტყვებმა მომცა”.

პაიმს ერთი სული აქვს საქართველოში სეზონი როდის განახლდება. ეს, მომავალ კვირას მოხდება. 14 ივლისს მერანი დუშეთის არაგვს ეთამაშება და ფილიპესაც მინდორზე ისევ ვიხილავთ. მას მარტვილელებთან კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები