Thumbnail
  • ცვლილება ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადებამ გამოიწვია
  • შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა საერთაშორისო კალენდარში, მთავარი სიახლე კი ისაა, რომ 2020 წელს რიგგარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება.

UWW-მ მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა შეჯიბრება გაუქმებულად გამოცხადდა, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ესვე იყო კალენდრის გადახალისების საფუძველი. 2020 წლის კალენდარში მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი გათვალისწინებული არ გახლდათ, მაგრამ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთი წლით გადავადების გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გეგმა შეცვალა.

თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2020 წლის მთავარი ტურნირს 12-20 დეკემბერს ბელგრადი უმასპინძლებს. ამავე პერიოდში სერბეთის დედაქალაქში იუნიორ მოჭიდავეთა მსოფლიოს პირველობაც ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ მოჭიდავეთა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატს შარშან სექტემბერში ნურსულთანმა (ყაზახეთი) უმასპინძლა და იქ ქართველი ფალავნები დიდი წარმატებით გამოვიდნენ. მათ ანგარიშზე 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კი – ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები