Thumbnail

'და ფეხბურთელები?' - რუსები შენგელიას მიმართ ქართველთა აგრესიამ გააკვირვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რუსული პრესა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე კვლავაც აქტიურად წერს და ყურადღებას იმ ნეგატიურ რეაქციაზეც ამახვილებს, რომელიც ამ ამბავს საქართველოში მოჰყვა. რუსებმა ქართულ ვებ-გვერდებს თვალი გადაავლეს და დაასკვნეს, რომ თორნიკეს რუსული არმიის გუნდში გადასვლას ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება.

მაგალითად, Сhampionat.com-ს ქართული საიტებიდან კომენტარები აქვს ამოკრეფილი და შემდეგს დასძენს: “კომენტარი ძალიან ბევრია, უმეტესობას კი იმიტომ ვერ გაცნობთ, რომ ისინი განსაკუთრებული აგრესიულობითა და უცენზურობით გამოირჩევა”. ეს კი, რუსული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ფრაზები:

“სირცხვილია გულზე იმ რუსული არმიის ღერბს ატარებდე, რომელიც შენც ქვეყანას ბომბავდა”, “მონური მორჩილება”, “საზოგადოების შეურაცხყოფა”, “შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, პოლიტიკისა და სპორტის გამიჯვნა არ შეიძლება, მტერი ყველგან მტერია”, “ეს მავნებლობაა”, “საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის გუნდში არ უნდა თამაშობდეს”, “ეს სირცხვილია თავად მისთვის და ამავდროულად, სახელმწიფოზე დარტყმაცაა”, “იმედი მაქვს, ეს, მხოლოდ ჭორებია”, “რეალში მაინც გადასულიყო, არ მესმის მისი, ალბათ, ფული მოუნდა”, “ჩემი ქვეყნის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს კალათბურთელი, ვინც რუსეთის სახელის განდიდებას ეცდება”, “ვისმა არმიამ დაშალა შენი ქვეყანა ნაწილებად? ამ არმიისთვის უნდა ითამაშო?”, “თუკი ეს სიმართლეა და ცსკა-ში გადადის, მისდამი ყოველგვარი ინტერესი დავკარგე”.

თორნიკე შენგელიას ბასკონიადან წასვლა გადაწყვეტილ ამბად მოსჩანს

Сhampionat.com ამგვარი მიდგომების გამო წუხილს გამოთქვამს და იქვე განაგრძობს:

“აღსანიშნავია, რომ შენგელიას მიმართ ნეგატიური კომენტარები ფაქტობრივად ყველა ქართულ ვებ-გვერდზე სჭარბობს და ამასთან, მათ დამპლიუსებელიც უამრავი ჰყავს. ძალიან მცირეა ისეთი კომენტარები, სადაც სპორტისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევა ასწორადაა მიჩნეული, თუმცა, მათზე უკვე მინუსები სჭარბობს. უცნაურია, მაგრამ თორნიკეს კრიტიკოსებს თითქოსდა ავიწყდებათ ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც წლებია რუსეთში თამაშობენ. ამას გარდა, 2014-15 წლების სეზონში სწორედ საკალათბურთო ცსკა-ში ირიცხებოდა მანუჩარ მარკოიშვილი, თუმცა, მაშინ ასეთი აგრესია არ გვახსოვს. როგორც სჩანს, ყველაფერი იმითაა გამოწვეული, რომ შენგელია ტოპ-კლასის სპორტსმენია. ამიტომ, მისი თანამემამულეები რუსულ არმიასთან დაკავშირებულ ტრანსფერს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამენ”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდია ბევრი იწერება და საერთო აზრით, მართლაც ყველაფერი შეთანხმებულია. თოკოს ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა, რუსულმა გრანდმა უკვე ყველაფერი მოაგვარა. ქართველი მძიმე ფორვარდი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს. ახლახან მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბარსელონასთან ფინალში შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები