Thumbnail

სეზონის საუკეთესო საკალათბურთო გუნდი! როგორ თამაშობს ჰიუსტონ როკეტსი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

სეზონის სტარტზე სპეციალისტთა უმეტესობა გოლდენ სტეიტს ამ სეზონშიც იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა და უპირველეს ფავორიტად მიიჩნევდა. გოლდენ სტეიტი კვალაც ფავორიტად რჩება, თუმცა  სეზონის დაწყების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

პლეი ოფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე NBA-ში გოლდენ სტეიტს ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა - ჰიუსტონ როკეტსი, გუნდი, რომელსაც ლიგის უპირველეს ფავორიტებს შორის რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე თითქმის არავინ მოიაზრებდა. 

ჰიუსტონი 74 შეხვედრაში 60  გამარჯვებით [81.1%] დამაჯერებლად ლიდერობს დასავლეთ კონფერენციას, გოლდენ სტეიტზე 5 წაგებით ნაკლები აქვს და დიდი ალბათობით, რეგულარულს პირველ ადგილზე დაასრულებს, რაც პოტენციურ შეხვედრაში გოლდენ სტეიტთან მათ საშინაო პარკეტის უპირატესობას მისცემს.

რაც ყველაზე მთავარია, მათ ურთიერთშეხვედრებში წარმატებით იასპარეზეს კალიფორნიელთა წინააღმდეგ და სამი შეხვედრიდან ორი მოუგეს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰიუსტონმა თავისი შეხვედრების აბსოლუტური უმრავლესობა მაშინ წააგო, როდესაც მისი ლიდერები ჯეიმს ჰარდენი და კრის პოლი ტრამვირებულები იყვნენ.

სკეპტიციზმი სეზონის სტარტზე

ჰიუსტონისა და მისი ლიდერის ჯეიმს ჰარდენის მიმართ სკეპტიციზმი NBA-ში დიდი ხანია არსებობს. ჰიუსტონი თავისი ამბიციების მიუხედავად, ბოლო წლებია ვერაფრით ახერხებს პლეი ოფში წარმატების მიღწევას. გასულ წელს ტექსასელები სან ანტონიოსთან დამარცხდნენ.

გადამწყვეტ მეექვსე თამაშში ჯეიმს ჰარდენი შერცხვა  - ჰიუსტონი საკუთარ კედლებში რეკორდული ანაგრიშით 75-114 განადგურდა, ჰარდენმა კი მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო, თავისი სროლების 18.2 პროცენტი გამოიყენა, 6-ჯერ დაკარგა ბურთი და 6 ჯარიმა მიიღო. 

ამ თამაშმა ჰარდენის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჩამყრელის, თუმცა სუსტი ხასიათის მოთამაშის, რეპუტაცია კიდევ უფრო გაამყარა.

ჰარდენის გარდა, NBA-ში განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ მათ მწვრთნელს მაიკ დეანტონის, რომელსაც საკალათბურთო ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მწვრთნელის იმიჯი აქვს. დეანტონის კალათბურთი, რომელსაც "7 second or less"-ის ("7 წამი ან ნაკლები")  სახელით იცნობენ, მოძველებულად და პრიმიტიულად მიიჩნევა.

ეს სტრატეგია გულისხმობს მაქსიმალურად სწრაფად შეტევას, რომელსაც 7 წამი ან უფრო ნაკლები უნდა დასჭირდეს და სამქულიანი სროლით დასრულდეს. პლეი ოფში, როდესაც  ტემპი ეცემა და თამაში უფრო კონტაქტური ხდება, ამ ტიპის სწრაფი და მხოლოდ სროლაზე ორიენტირებული სტრატეგია წამგებიანად მიიჩნევა.

ჰიუსტონამდე, ბოლო სეზონში დეანტონის მაჩვენებელი

გადაჭრილი პრობლემა: ორი გამთამაშებელი

სეზონის წინ ჰიუსტონმა მოახერხა და დაარწმუნა კრის პოლი, რომ კარიერა სწორედ ტექსასში გაეგრძელებინა. ტრეიდის შედეგად ჰიუსტონმა თავისი თაობის საუკეთესო გამთამაშებელი მიიღო, თუმცა სპეციალისტები ამ ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებდნენ. გასულ წელს ჰიუსტონის მთელი სისტემა იმაზე იყო აგებული, რომ დეანტონი ჯეიმს ჰარდენს გამთამაშებლად ათამაშებდა. ჰარდენიც ან თვითონ ყრიდა ან თანაგუნდელებს უქმნიდა სროლებს. ჰიუსტონის მთელი შეტევა ჰარდენზე იყო დამოკიდებული.

წელს კი გუნდმა დაიმატა ახალი გამთამაშებელი, რომელიც ასევე წარმართავს თავისი გუნდის მთელ შემტევ თამაშს. გაჩნდა სრულიად ლოგიკური კითხვა, თუ როგორ შეეწყობოდა ერთმანეთს ორი მოთამაშე, რომელიც თითქმის ერთნაირად თამაშობს - დიდი ხანი ფლობს ბურთს, წარმართავს მთელ შემტევ თამაშს, ანაწილებს ბურთს და ქმნის სროლებს.

გასულ სეზონში ეს ორივე მოთამაშე მთელ NBA-ში პირველ ათეულში იყო ბურთის ფლობის დროის, ბურთთან შეხებისა და პასის რაოდენობის მიხედვით. როგორ უნდა ეთამაშათ მათ ერთად?!

ასევე არსებობდა ტაქტიკური დილემა, რაც სპეციალისტებს სკეპტიკურად განაწყობდა. როგორც აღვნიშნეთ, მაიკ დეანტონის გუნდები და მათ შორის შარშანდელი ჰიუსტონი სწრაფ კალათბურთს თამაშობს. კრის პოლი კი ტემპს აგდებს, ბურთს დიდი ხანი ფლობს და ცდილობს შეტევის მთელი დრო გამოიყენოს საუკეთესო გაგრძელების მოსაძებნად. როგორ უნდა ეთამაშა კრის პოლს, 9-გზის ოლ სტარს, მისთვის უცნობ და მოუხერხებელ სათამაშო სისტემაში?

პოლი და ჰარდენი

კრის პოლი და ჯეიმს ჰარდენი კარგი მეგობრები არიან, თუმცა სპეციალისტები არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი თანამშრომლობა წარმატებული იქნებოდა. NBA-ში სუპერვარსკვლავებს შორის კარგ ურთიერთობას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში კი რთულია საკალათბურთო სამყაროში ორი იმდენად განსხვავებული ადამიანის მოძებნა, როგორც ჯეიმს ჰარდენი და კრის პოლი არიან.

ჯეიმს ჰარდენი გართობის მოყვარული და უზრუნველია, რომელსაც არ უყვარს ზეწოლის ქვეშ ყოფნა. კრის პოლს კი გამარჯვებისკენ სწრაფვის მანიაკალური მისწრაფება აქვს და ამისთვის იგი ცდილობს მთელი გუნდი, ყველა მოთამაშე და თითოეული დეტალი აკონტროლოს. პოლი control freak-ია და ზეწოლას გუნდელებზეც ახდენს. იგი არ უყვარდათ თავის წინა გუნდში, ლოს ანჯელეს კლიპერსში და განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა ჰქონდა გუნდის მეორე ვარსკვლავ ბლეიკ გრიფინთან. 
ბევრი ვარაუდობდა, რომ პოლისა და ჰარდენის ტანდემიც კონფლიქტით დასრულდებოდა.

სპეციალისტთა არცერთი ეჭვი არ გამართლდა. ჰიუსტონმა წარმატებით მოახერხა ერთი სტილისა და ამპლუის ვარსკვლავების ერთ სათამაშო სისტემაში გაერთიანება. ეს კი, პირველ რიგში, შესაძლებელი თავად კრის პოლისა და ჯეიმს ჰარდენის სურვილმა გახადა, მაქსიმალურად შეეწყოთ ერთმანეთისთვის ხელი და შეეცვალათ თავისი თამაში სათამაშო სქემის მოსარგებად.

ვინ რამდენს თამაშობს? დროის მენეჯმენტი

მაიკ დეანტონიმ კრის პოლი კარგად მოარგო სათამაშო სქემას. მან დიამეტრულად არ შეცვალა სათამაშო სისტემა, თუმცა ჭკვიანურად გაანაწილა წუთები ჯეიმს ჰარდენსა და კრის პოლს შორის. ისინი პარკეტზე ერთად მხოლოდ 19.9 წუთს ატარებენ, თუმცა დეანტონი ისე ანაწილებს დროს, რომ ჰიუსტონს მუდამ, მთელი თამაშის მანძილზე, ერთ-ერთი მათგანი მოედანზე ჰყავს. პოლი და ჰარდენი ერთად იწყებენ თამაშს, პირველი მეოთხედის მეექვსე წუთზე კრის პოლი გადის, მეორე მეოთხედის დასაწყისში უკვე ჰარდენი ისვენებს. მეორე მეოთხედის შუაში რამდენიმე წუთით ისევ კრის პოლი გადის, ხოლო ნახევარს ორივე ერთად ასრულებენ. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, მატჩის ბოლო 5 წუთს ისინი ყოველთვის ერთად ატარებენ პარკეტზე.

1. ეს ჰიუსტონს აძლევს საშუალებას, რომ 48 წუთის განმავლობაში ითამაშოს ელიტური გამთამაშებლით და არ დააგდოს შეტევის ორგანიზების ხარისხი.

2. ჰარდენი თითოეულ თამაშში 15.7 წუთს ისვენებს. თამაშის ბოლოს იგი უკვე ნაკლებად დაღლილია და არ კარგავს ეფექტურობას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პოლთან ერთად ჰარდენი მთელი სეზონის განმავლობაში უფრო ნაკლებ დატვირთვას იღებს და მეტ ენერგიას ინახავს პლეი ოფისთვის. გასულ წელს ჰარდენი პლეი ოფს გადაღლილი შეხვდა - მთელი სეზონი მარტო ათამაშებდა გუნდს და იყო რა MVP-ის რეალური კანდიდატი, თავს არ ზოგავდა რეგულარულ სეზონში.

ერთად წარმატებული თამაშისთვის კი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომ ორივე მოთამაშე მზად არის, ეგოისტურად არ ითამაშოს, ჰქონდეს უფრო ნაკლები შეხება ბურთთან და დაზოგოს ენერგია.

3. 19.9 წუთი, რომელსაც ჰარდენი და პოლი ერთად ატარებენ, ყველაზე ეფექტურია ჰიუსტონისთვის. ამ მონაკვეთში ჰიუსტონი 100 პოზიციაზე 120.9 ქულას ყრის, მაშინ როდესაც ჰიუსტონის საშუალო მაჩვენებელი 100 პოზიციაზე 113.2 ქულაა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჰიუსტონის მიერ ჩაგდებული ქულების უდიდესი ნაწილი ამ ორ მოთამაშეზე მოდის. ერთად ისინი სროლებითა და პასებით 93.7 ქულას ქმნიან [ჰარდენი 53.2 + პოლი 40.5] და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში ყველა სხვა დუეტს ლიდერობენ.

ჰიუსტონის შეტევა ლიგაში პირველია ეფექტურობით [113.1  ქულა 100 პოზიციაზე]
ასწრებს  გოლდენ სტეიტს [113.0 ქულა]

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი ითვალისწინებს შედეგებს ჰიუსტონი-ატლანტას მატჩის ჩათვლით [26.03.2018].

ჰიუსტონი ლიგაში ყველაზე მეტ ქულას ყრის და ეს მაშინ, როდესაც გასულ სეზონთან შედარებით ჰიუსტონმა თამაშის ტემპი დააგდო, ბევრად უფრო ნელა თამაშობს და თამაშის მანძილზე უფრო ნაკლები შემტევი პოზიცია აქვს. მათი შეტევა მთლიანად არის დამოკიდებული ჯეიმს ჰარდენსა და კრის პოლზე. ორივე ამ მოთამაშეს მარტო შეუძლია შეტევის ორგანიზება და ჰიუსტონი ხშირად უტევს  ე.წ. "იზოლაციით", როდესაც ჰარდენი ან პოლი მარტო, თანაგუნდელების პირდაპირი დახმარების გარეშე უტევენ.

ჰიუსტონის კიდევ ერთი ეფექტური იარაღი სამქულიანის მსროლელებია, რომელთაც ჰარდენი და პოლი უქმნიან სროლებს. ჰიუსტონის სისტემისთვის სამქულიანების კარგ მსროლელებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. ტრევორ არიზა, ერიკ გორდონი, რაიან ანდერსონი და ფიჯეი ტაკერი პერიმეტრიდან ეფექტურად უტევენ.

როგორ უტევს ჰიუსტონი - 4 მაგალითი

#1

#2

#3

#4

შეტევის ეს უბრალო პრინციპები ეფექტურია, რაშიც სტატისტიკაც გვარწმუნებს. ჰიუსტონი ლიგაში ყველაზე მეტ ქულას აგროვებს სამქულიანი სროლებიდან, ხოლო ჯეიმს ჰარდენი კი ლიგაში ლიდერობს პასებით და საჯარიმო სროლებით, რაც მისი სამწამიანში ეფექტური შესვლის შედეგია.

ციფრები უშუალო კონკურენტთან მიმართებაში

დაცვაში თამაში - ქარიზმატული პოლი და დაბალი ტემპი

კრის პოლის გუნდში მოსვლამ დადებითად იმოქმედა დაცვაზე. ტრადიციულად, მაიკ დეანტონის სწრაფი თამაში გუნდის დაცვით სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს. კრის პოლთან ერთად დეანტონიმ სათამაშო ტემპი დააგდო. გუნდს, რომელსაც ორი გამთამაშებელი ჰყავს, სროლების შესაქმნელად აღარ სჭირდება აუცილებლად სწრაფ ტემპში თამაში.

წლების მანძილზე ჯეიმს ჰარდენს დაცვაში თამაშზე საყვედურობდნენ და სიზარმაცეში სდებდნენ ბრალს. სტატისტიკა კი გვარწმუნებს, რომ ჰარდენის შეცდომები დაცვაში უფრო მეტად სისტემური ხარვეზი იყო, ვიდრე მისი სიზარმაცის შედეგი. მას შემდეგ, რაც ჰარდენის შეტევაში ჩართულობამ 10 პროცენტით მოიმატა, 12 პროცენტით მოიკლო დაცვაში მისი ეფექტურობის ხარისხმა. ჰარდენს უბრალოდ აღარ ყოფნიდა ენერგია, რომ დაცვაშიც ემოძრავა.

კრის პოლთან ერთად  დატვირთვამ ჰარდენზეც მოიკლო და იგი ამ სეზონში ბევრად უკეთ თამაშობს დაცვაში. წელს ჰარდენი ათეულში შედის ჩაჭრების რაოდენობის მიხედვით. დაცვაში კარგი თამაშის მიზეზი კი ის არის, რომ კრის პოლი უაღრესად მომთხოვნია. იგი NBA-ში ლებრონ ჯეიმსთან ერთად ყველაზე ავტორიტეტული კალათბურთელი და მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტია.

პოლის გუნდში ყოფნა გარანტიაა, რომ გუნდის თითოეული მოთამაშე თამაშში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ის დრო, როდესაც ჰიუსტონი დაცვისადმი ზერელე დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, წარსულს ჩაბარდა.

თავად კრის პოლიც თავის პოზიციაზე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ამას ემატება კლინტ კაპელა, ტრევორ არიზა, ლუკ მბა მუტე და ფი ჯეი ტაკერი - ოთხივე მათგანი კარგ მცველებად მიიჩნევიან და ჰიუსტონს საშუალება აქვს, უაღრესად ეფექტური დაცვითი ხუთეული გამოიყვანოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები