Thumbnail
  • გიორგი ჭიაბრიშვილი თბილისის ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
  • რას გეგმავს ახალი მწვრთნელი და რისი იმედი აქვთ კლუბის ხელმძღვანელებს

წელს, თბილისის ლოკომოტივი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებში მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის განახლების შემდეგ გუნდის შედეგები და თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, რასაც მთავარ მწვრთნელთან, სოსო ფრუიძესთან დამშვიდობება მოყვა. ახლა კი თბილისური კლუბი გამოცდილმა სპეციალისტმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩაიბარა.

ლოკომოტივში მომხდარი ცვლილებების შესახებ ჩვენ კლუბის სპორტულ და ტექნიკურ დირექტორებს ვესაუბრეთ, პირველი შთაბეჭდილებები გიორგი ჭიაბრიშვილმაც გაგვიზიარა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივში პირველი ვარჯიში ჩაატარა

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი)
“გუნდზე ჯერ მხოლოდ წარმოდგენითი შთაბეჭდილება მაქვს. ახლოს გაცნობისთვის დრო არ მქონდა, თუმცა ვიცი, რომ საკმაოდ ამბიციურ კლუბში მოვედი. ვიცოდი, რომ ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია და ის, რაც ლოკომოტივის ხელმძღვანელებს უნდათ, ერთმანეთს ემთხვეოდა. სამუშაოდ არასდროს წავალ იქ, სადაც ჩემი შეხედულებების გატარება გამიჭირდება. რამდენ ხანში მივიღებ იმ შედეგებს, აგრეთვე თამაშის იმ ხარისხსს, რომელიც მინდა, რომ მქონდეს, ეს ცალკე საკითხია.

სასიამოვნოა, რომ სამუშაოდ დრო მაქვს. ჩვენი მიზანი კონკურენტუნარიანი გუნდის გაკეთებაა, რომელსაც საქართველოში უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლება, გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ევროტურნირებზე, რაც შეიძლება, ბევრი მატჩი ჩავატაროთ. ევროპაში ამ ფორმაციის ლოკომოტივს არ უთამაშია. ამიტომ, წელს ჩასატარებელი მატჩები ჩვენთვის გამოცდილების და ცოდნის მიღების ჩინებული შესაძლებლობა იქნება.”

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

თამაზ ბოკერია (ლოკომოტივის სპორტული დირექტორი)
“გიორგი ჭიაბრიშვილზე არჩევანი რამდენიმე ფაქტორის გამო შევაჩერეთ. პირველ რიგში, ეს მისი წარმატებული კარიერა და საბურთალოში განხორციელებული პროექტია. მისი საფეხბურთო ხედვა და ფილოსოფია ჩვენსას სრულად ემთხვევა. ლოკომოტივი შემტევ ფეხბურთზეა ორიენტირებული და თამაშის ასეთ სტილს ანიჭებს უპირატესობას გიორგი ჭიაბრიშვილიც.

თბილისის ლოკომოტივის ვარჯიშზე

საბურთალო და ლოკომოტივი სტრუქტურულად მსგავსი კლუბებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ გუნდში ინტეგრირება მოხდეს. ამ კუთხით ჭიაბრიშვილის და საბურთალოს მაგალითი ძალიან პოზიტიურია. ლოკომოტივი ევროპალიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ჭიაბრიშვილს აქვს ევროტურნირებისთვის გუნდის მომზადების, მასთან ერთად საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ჩვენთვის, ისევე როგორც ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ეს გამოწვევაცაა და იმედია, თანამშრომლობა წარმატებული იქნება. 

სოსო ფრუიძეს მადლობას ვუხდით. პანდემიის პერიოდში მან ძალიან ნაყოფიერად იმუშავა, თუმცა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორივე მხარემ მივიჩნიეთ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენი გზები გაიყრებოდა.”

'სამწუხაროდ პროგრესი აღარ შეიმჩნეოდა. გარდა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, დაეცა თამაშის ხარისხიც'

გიორგი ყიფიანი (ლოკომოტივის ტექნიკური დირექტორი)
“სოსო ფრუიძე მთავარ მწვრთნელად ჩვენი კლუბისთვის რთულ პერიოდში დაინიშნა. მოგეხსენებათ, რომ მან გუნდიდან თავისი სურვილით წასული ლევან კორღალიძე შეცვალა. ორივე მხარეს გვჯეროდა, რომ თანამშრომლობა დადებითი შედეგების მომტანი იქნებოდა. თავდაპირველად ჩემპიოინატში მოწინავეები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ პროგრესი აღარ შეიმჩნეოდა. გარდა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა, დაეცა თამაშის ხარისხიც. ეს ყველაფერი მოულოდნელი აღმოჩნდა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ბატონმა სოსომ პანდემიის დროს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დისტანციურად უდიდესი სამუშაო გასწია. ვაღიარებ, როდესაც მწვრთნელს ასეთ მოკლე პერიოდში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებ, ეს ორგანიზაციული ხარვეზია და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.

ლოკომოტივი ევროპალიგისთვის ემზადება. ჭიაბრიშვილის დანიშვნისას ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროტურნირებზე მისი გამოცდილებაა. გუნდს რეალისტური მიზანი აქვს დასახული. ძალიან კარგი იქნება, თუ ჯგუფში შევალთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკთან, ან პსვ ეინდჰოვენთან წარმატების შანსი მცირეა. ამიტომ მიზანიც შესაბამისია - რაც უფრო ბევრ ეტაპს გადალახავს ლოკომოტივი, მით უკეთესი იქნება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მარტო ევროპაში თამაშით ვერ შემოვიფარგლებით. კლუბს ლოკალური ამოცანებიც აქვს გადასაწყვეტი. საქართველოს ჩემპიონატში უკეთესი შედეგების დაფიქსირება აუცილებელია.”

კომენტარები

ბოლო ამბები