Thumbnail

'სამწუხაროდ, ეს ერთადერთი გზაა' - გიორგი ხარაიშვილი გიოტებორგში თავის მომავალზე

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე

ბოლო დროს, გიორგი ხარაიშვილს შვედურ გიოტებორგში სათამაშო დრო შეუმცირდა, რისი მიზეზიც კუნთის მცირე ტრავმა იყო. საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევ ნახევარმცველს, სათამაშო პრაქტიკის შემცირების მიზეზებსა და კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, რომლის არასახარბიელობაზეც შვედური პრესა უკვე წერდა. სწორედ ამის გამო, გიოტებორგი ხარაიშვილის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.

გიორგი ხარაიშვილი: "სამწუხაროდ, გიოტებორგს მართლაც აქვს ფინანსური პრობლემები და მათი გადაჭრის ერთადერთი გზა ფეხბურთელების გაყიდვაა. საუბრობენ ჩემი და იუსუფის გასხვისებაზე, მაგრამ ჯერ რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა ზაფხულში ბევრი რამ გაირკვევა. 

პანდემიას შვედეთში ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის თითქოს არც ყოფილა, მაგრამ ჩემპიონატი მაინც გაჩერდა. იძულებითი პაუზის დროს, ფაქტობრივად იმავე დატვირთვით ვვარჯიშობდით, როგორიც შეკრებებზე გვაქვს. ყოველ პარასკევს 90 წუთს ერთმანეთშიც ვთამაშობდით.

ცუდია, რომ კუნთი დავიზიანე, რის გამოც გარკვეული პერიოდი გამიცდა. ბოლო სამ შეხვედრაში მაქსიმალურად ვერც ვიტვირთებოდი, მომავალი ტურიდან კი ყველაფერი ნორმაში იქნება", - გვითხრა ხარაიშვილმა.

ხარაიშვილის ანგარიშზე ნაკრების 6 მატჩში გატანილი 1 გოლია

გიორგი ხარაიშვილის გუნდს შვედეთის ჩემპიონატში გასული 6 ტურის შემდეგ, 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. გიოტებორგი მომდევნო მატჩს 9 ივლისს, სტუმრად ელსფბორგთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები