Thumbnail

პარაპლანით ფრენისა და აფროსნობის შემდეგ - ველომარათონი ლისის ტბაზე

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" განახლდა და ღონისძიებებიც ერთმანეთის მიყოლებით იმართება. პარაპლანით ფრენასა და აფროსნობას ლისის ტბის მიმდებარედ გამართული ველომარათონი მოჰყვა.

ინტეგრირებული ტურნირის ორგანიზატორები "ახალგაზრდული მედია კავშირი" და  "აჰილესი" იყვნენ. საინტერესო პროექტი ამჯერადაც კომპანიის ევროპაბეთი აქტიური ჩართულობით განხორციელდა. პარაველოფედერაცია დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა შექმნეს. ინტეგრირებულ ველომარათონში მონაწილეობა მათთან ერთად პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმაც მიიღეს.

ხატია გავაშელი (ახალგაზრდული მედია კავშირის თავმჯდომარე)
"პროექტი აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა გრძელდება. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები გულშემატკივრებთან ერთად გამოვედით და ავითვისეთ სამი სტიქია: ჰაერი, წყალი და ხმელეთი. პირველი ღონისძიებისას ვიფრინეთ პარაპლანით, შემდეგ გვქონდა აფროსნობის სათავგადასავლო აქტივობა თბილისის ზღვაზე და ახლა გვაქვს ინტეგრირებული ველომარათონი, რომელიც ეძღვნება საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია აჰილესის ოფიციალური წარმომადგენლობის დაფუძნებას, რომელიც თავად დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა დააფუძნეს. 80-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებში, რომელსაც მხარს ევროპაბეთი უჭერს."

ვეფხია გელაშვილი (პროექტის მონაწილე)
"დღეს გაიმართა ინტეგრირებული ველომარათონი ლისის ტბაზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარანტინის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ჩავატარეთ. დიდი მადლობა ამისთვის ახალგაზრდულ მედია კავშირს, ჩვენს მხარდამჭერებს და იმ კომპანიებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან. ასეთი აქტივობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავამტკიცოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მარათონში მონაწილეობის მისაღებად გორიდან ჩამოვედით."

გურამ ჩიმახიძე (პროექტის მონაწილე)
"დაჭრილი სამხედროები აქტიურად ვართ ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. ძალიან მოხარულები ვართ ასეთი ღონისძიებებით. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ახალგაზრდულ მედია კავშირს. ასევე მადლობას ვუხდი სპონსორებს - სოკარსა და ევროპაბეთს." 

პროექტი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანებისთვის აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლებას და მათი შესაძლებლობების სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმოჩენას უწყობს ხელს. აქტივობაში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მონდომებისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში ყველაფრის გაკეთება, ყველა მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ღონისძიება იმართება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში, რომელსაც "ახალგაზრდული მედია კავშირი"  კომპანიების, "ევროპაბეთისა" და "სოკარის" მხარდამჭერით ახორციელებს, პროექტის მასპინძელი კი არის ლუდსახარში "ზედაზენი". პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ-უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები