Thumbnail

შენგელია: იმედია, ცსკა-ში გადასვლის გამო, ჩემდამი დამოკიდებულება არ შეიცვლება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. ესპანური ბასკონიას მძიმე ფორვარდმა გადაცემაში "სპორტი იმედზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

“ოფიციალურად ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ხელიც არაფერზე მაქვს მოწერილი. ცსკა-ს მხრიდან ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო. მე მათ გარკვეული პერიოდი ვთხოვე, რათა მთლიანდ ესპანეთის ჩემპიონატზე ვყოფილიყავი მობილიზებული. ალბათ, რამდენიმე დღეში ვნახავთ, რა მოხდება. ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას და ვიცი, რომ მონდომება არის როგორც ცსკა-ს მწვრთნელისგან, ასევე – პრეზიდენტისგან. წელს სხვებისგან სერიოზული დაინტერესება არ ყოფილა. არც მადრიდის რეალი გამოჩენილა. თითქოს მილანი აქტიურობდა, თუმცა, საქმე წინ აღარ წასულა, ამდენად, ერთადერთი ვარიანტი ცსკა იყო. ამ გუნდში გადასვლით ჩემი დამოკიდებულება ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ ერთი წამითაც არ იცვლება და იმის იმედიც მაქვს, რომ ჩემს მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება. სიმართლე გითხრათ, ჩემს პატრიოტიზმსა და საქართველოს მიმართ სიყვარულზე რაიმე ახსნა-განმარტება რომ დავიწყო, უცნაურად მეჩვენება”.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე ბოლო პერიოდია ბევრი იწერება და საერთო აზრით, მართლაც ყველაფერი შეთანხმებულია. თოკოს ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა, რუსულმა გრანდმა უკვე ყველაფერი მოაგვარა. ქართველი მძიმე ფორვარდი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობს. ახლახან მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ბარსელონასთან ფინალში შენგელიამ 14 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები