Thumbnail

გორის დილადან ავსტრიის პრიზიორში - გიორბელიძე ვოლფსბერგერში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მარცხენა მცველმა კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა
  • მისი მომავალი გუნდი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

გორის დილას 24 წლის ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე კარიერას ავსტრიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ ვოლფსბერგერში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რამდენიმე ავსტრიული ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ავსტრიელებმა ქართველ მარცხენა მცველთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს, შემდგომში მისი 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრს დილაში 33 მატჩი აქვს ჩატარებული, მანამდე კი, ბოლნისის სიონის ღირსებას იცავდა.

გიორბელიძის მომავალ კლუბს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. ვოლფსბერგერმა სეზონის დასკვნითი მატჩი გუშინ ჩაატარა, ვენის რაპიდს 3:1 სძლია და ზალცბურგისა და ხსენებული რაპიდის შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა.

ამგვარად, ვოლფსბერგერმა უეფა-ს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ის გიორბელიძის კარიერაში პირველი უცხოური კლუბი იქნება. Transfermarkt-ს გურამის სატრანსფერო ფასად 300 ათასი ევრო ჰქონდა მითითებული.

კომენტარები

ბოლო ამბები