Thumbnail

'სულერთია, რომელ ქვეყანაში ვიმუშავებ' - ალეგრი დასაბრუნებლად ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 52 წლის სპეციალისტი იუვენტუსთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია
  • იტალიელმა გაიხსენა, თავის დროზე რატომ თქვა უარი მადრიდის რეალზე
  • მასიმილიანო ალეგრისთვის მნიშვნელოვანი კლუბის პროექტი და ამბიციებია

ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრტნელმა მასილიანო ალეგრიმ მედიასთან იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იყენებდა თავისუფალ დროს და სად აპირებს კარიერის გაგრძელებას. 

მასიმილიანომ ტურინული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა 2018/19 წლების სეზონის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ დაუსაქმებელია. 

"თავისუფალი დრო გამოვიყენე იმისთვის, რათა დავმუხტულიყავი ენერგიით და დავმტკბარიყავი ოჯახსა და მშობლიურ ქალაქში, ლივორნოში ყოფნით, სადაც ჩემი ძველი მეგობრები ცხოვრობენ.

ჩემთვის სულერთია, რომელ ქვეყანაში ვიმუშავებ - იტალიასა თუ მის საზღვრებს გარეთ. ვეძებ კლუბს, რომელსაც შესაბამისი პროექტი და ამბიციები ექნება", - ამბობს 52 წლის იტალიელი სპეციალისტი. 

ალეგრის იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი წააგო

2018 წლის მაისში, როდესაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, "სამეფო კლუბში" მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურაც განიხილებოდა. საბოლოოდ კი რეალმა არჩევანი ხულიენ ლოპეტეგიზე შეაჩერა.

"ორი წლის წინ რეალთან ვთათბირობდით, მაგრამ მაშინ კონტრაქტი იუვენტუსთან მაკავშირებდა. ამას გარდა, მქონდა მორალური ვალდებულებებიც - ვიყავი კლუბისა და გულშემატკივრების ერთგული, - იხსენებს ალეგრი. - ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობა? ვინ იტყვის ასეთ ვარიანტზე უარს? ვფიქრობ, რომ არც არავინ". 

მასიმილიანო ალეგრის იტალიის საზღვრებს გარეთ არასდროს უმუშავია, სამშობლოში ყველაზე ცნობილი გუნდები კი - მილანი და იუვენტუსი გაუწვრთნია. სპეციალისტი მილანში 2010-14 წლებში მუშაობდა და მასთან ერთად სკუდეტო და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.  ალეგრი გაცილებით წარმატებული იუვენტუსში იყო, რომელსაც 2014-19 წლებში წვრთნიდა. მის ხელში ტურინელებმა სერია A ხუთჯერ მოიგეს, ასევე - 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები