Thumbnail

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის გახსნაზე არა მხოლოდ რბოლა იყო ქაოტური, არამედ ის ჟესტიც, რომლითაც პილოტებმა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს.

პირველი რბოლის დაწყებამდე ყველა, ოცივე მრბოლელი ერთად დადგა. ყველას ეცვა შავი მაისურა რასიზმის წინააღმდეგ წარწერებით. 19 პილოტს მაისურზე End Racism (დაასრულეთ რასიზმი) ეწერა, ლუის ჰემილტონს კი - Black lives matter. გარდა ამისა, 20-დან 14-მა პილოტმა ჩაიმუხლა კიდეც. ეს მხოლოდ ექვსმა მათგანმა არ გააკეთა: მაქს ფერსტაპენმა (22 წლის, რედ ბული), შარლ ლეკლერმა (22, ფერარი), კარლოს საინსმა (25, მაკლარენი), დანიილ კვიატმა (26, ალფა ტაური), ანტონიო ჯოვინაციმ (26, ალფა რომეო) და კიმი რაიკონენმა (40, ალფა რომეო). ისინი ფეხზე დარჩნენ. რამდენიმე მათგანი, მათ შორის რუსი კვიატი, თითით წარწერა End Racism-ისკენ მიუთითებდა.

პილოტები, რომლებმაც არ ჩაიმუხლეს, რბოლის შემდეგ ბევრმა გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჩემპიონი ლუის ჰემილტონი რასიზმს აქტიურად ებრძვის.  მერსედესის შავკანიანი პილოტი სოციალურ მედიაში ამ თემაზე ყოველთვის აქტიურია და რბოლამდე რამდენიმე დღით ადრე რასიზმის წინააღმდეგ დემონსტრაციას შეუერთდა. თუმცა ეს ჟესტი მისი იდეა არ ყოფილა. ეს ფორმულა 1-ის ბოსების თხოვნა გახლდათ Liberty Media-დან.

აი, რა თქვა ჰემილტონმა რბოლის შემდეგ: “ინტერნეტში არასწორი ინფორმაციები გავრცელდა და მინდა განმარტება გავაკეთო. მე რბოლის წინ ჩამუხლვა არავისთვის მითხოვია. ამაზე საუბარი არც კი დამიწყია. ამ თემაზე ლაპარაკი ფორმულა 1-ის ხელმძღვანელებმა და მრბოლელთა გაერთიანებამ დაიწყეს.”

'რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდათ'

ჰემილტონი განმარტავს, რა მოხდა ზუსტად: “უშუალოდ პილოტების ბრიფინგზე ამაზე ლაპარაკი სებასტიან ფეტელმა და რომან გროსჟანმა წამოიწყეს. მათ სხვა მრბოლელებს ჰკითხეს, სურდათ თუ არა ჩამუხლვა. რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გაკეთება არ უნდოდათ. მე ამ დროს ასეთი რამ ვთქვი: ‘მე ამას გავაკეთებ და ვამბობ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ იცოდეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ვალდებულია. ყველა უნდა მოიქცეს ისე, როგორც სწორად მიაჩნია.’ მადლობელი ვარ იმ პილოტების, რომლებმაც ჩემთან ერთად ჩაიმუხლეს. ეს საკმაოდ ძლიერი მესიჯია. მაგრამ მსოფლიო იმით არ შეიცვლება, ჩაიმუხლებ თუ არა. ჩემი აზრით, ეს არავის უნდა ვაიძულოთ. ყველას აქვს თავისი უფლება. მე უბრალოდ გავაკეთე ის, რაც მე მიმაჩნდა სწორად.”

აი, რას ამბობს შარლ ლეკლერი (ფერარი), რომელიც ფეხზე დარჩა: “ვფიქრობ, რეალური მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაკეთებთ, როგორც ვიქცევით. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფორმალურ ჟესტებს. არ ჩავიმუხლე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვებზე ნაკლებად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ რასიზმს ვებრძოლო.”

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

მაქს ფერსტაპენმა (რედ ბული), რომელიც ასევე ფეხზე დარჩა, ინსტაგრამზე დაწერა: “თანასწორობისთვის და რასიზმთან ბრძოლა აუცილებელია. მიმაჩნია, რომ მეც ვალდებული ვარ, ვიბრძოლო რასიზმის წინააღმდეგ. მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ ნებისმიერს აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს პროტესტის ფორმა და მისი განხორციელების დრო. არ ჩავიმუხლე, რადგან ავსტრიაში რბოლის მოსაგებად ჩავედი. პატივს ვცემ და მხარს ვუჭერ ნებისმიერი პილოტის პირად გადაწყვეტილებას.”

📺 ვიდეო: ავსტრიის გრანპრის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები