Thumbnail

ფაბიო კაპელო უმუშევარია | იტალიელი მწვრთნელი ჩინურ გუნდს დაშორდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 71 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ცზიანსუ სუნინთან კონტრაქტი ვადამდე გაწყვიტა.
  • ფაბიო კაპელოს მომავალს ლონდონის არსენალს უკავშირებდნენ.

ფაბიო კაპელო ცზიანსუ სუნინის მთავარი მწვრთნელი აღარაა. ამის შესახებ ჩინური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომლის ცნობით, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

71 წლის იტალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ჩინეთის ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან ორი წააგო. თუმცა, დაშორების მიზეზად, მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის, სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაჩენილ უთანხმოებასაც ასახელებენ.

მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ ფაბიო კაპელომ შესაძლოა ზაფხულში ლონდონის არსენალი ჩაიბაროს.

სპეციალისტმა ცზიანსუ სუნინი 2017 წელს ჩაიბარა. ჩინელებმა კაპელოს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, წლიური 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით. კაპელოს ხელში გუნდმა ჩინეთის წინა ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.

კაპელოს სხვადასხვა დროს მილანი, რომა, იუვენტუსი და რეალი გაუწვრთნია. სანაკრებო დონეზე მას ინგლისისა და რუსეთის ეროვნულ გუნდებში უმუშავია.

ცზიანსუ სუნინს ახალი მწვრთნელი უკვე დაუნიშნეს - 48 წლის რუმინელი კოსმინ ოლეროუ.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები