Thumbnail

სანაძე ადრიატიკის ლიგაში ითამაშებს? დუდა ხორვატულ და სლოვენიურ გუნდებს სურთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ კალათბურთელს პრიმორსკა და ზადარი ეპატიჟებიან
  • დუდამ გასული სეზონი პორტუგალიურ ოლივეირენშეში დაასრულა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე, დიდი ალბათობით, კარიერას ადრიატიკის ლიგაში განაგრძობს. Sportando-ს ცნობით, ქართველი ლეგიონერის თავის რიგებში ხილვა სლოვენიურ პრიმორსკასა და ხორვატულ ზადარს სურთ.

სანაძე, რომელიც 25 ივლისს 28 წლის გახდება, გასულ სეზონში პორტუგალიურ ოლივეირენშეში ირიცხებოდა და მისი საშუალო მონაგარი 16.1 ქულა იყო.

აღსანიშნავია, რომ დუდა ხსენებულ პრიმორსკაში 2016-17 წლების სეზონში თამაშობდა და მაშინ სლოვენიის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე გახდა 17.3 ქულით.

დუდა სანაძე პრიმორსკაში 2016-17 წლების სეზონში თამაშობდა

ცნობისთვის, სანაძის პირველი უცხოური კლუბი NCAA-ს წევრი სან დიეგო იყო, შემდეგ კი, ხსენებული პრიმორსკასა და ოლივეირენშეს გარდა, პისტოიაში (იტალია), გიპუზკოაში (ესპანეთი), რადომსა (პოლონეთი) და ფუენლაბრადაში (ესპანეთი) უთამაშია.

ადრიატიკის ლიგის გასულ სეზონში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ დასრულდა, პრიმორსკა 12 მოგებითა და 9 მარცხით, 12 გუნდს შორს მე-6 იყო, ხოლო ზადარს 6 გამარჯვებითა და 15 წაგებით მე-10 ადგილი ეკავა.

ადრიატიკის ლიგაში ახალი სეზონის დაწყება 19 სექტემბერს არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე სხვებთან ერთად, ცრვენა ზვეზდა, პარტიზანი (ორივე - სერბეთი), ბუდუჩნოსტი, მორნარი (ორივე - მონტენეგრო), ოლიმპია (სლოვენია), ციბონა (ხორვატია), გოგა ბითაძის აღმზრდელი კლუბი მეგა ბემაქსი (სერბეთი) და სხვებიც აპარეზობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები