Thumbnail

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ აღმატებით ხარისხში ისაუბრა ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელმაც რუსულ პრემიერლიგაში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ყაზანელთა დამრიგებელს ქართველი ლეგიონერის შესახებ ორენბურგთან შეხვედრის შემდეგ დაეკითხნენ, რომელიც რუბინმა 1:0 მოიგო.

თუ გიფიქრიათ იმაზე, რა უნდა გააკეთოთ, რომ კვარაცხელიამ ასეთი დონე ჩემპიონატის ბოლომდე შეინარჩუნოს?

ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარკვეული ჩავარდნები ყოველთვის აქვთ, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ხვიჩას სტაბილურობაც მოემატება. მთავარი ისაა, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და რუბინის ნახევარმცველი გასულ მატჩში მორიგი საგოლე პასით გამოირჩა. 19 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 83-ე წუთი გაატარა, საგოლე გადაცემა კი დენის მაკაროვს 67-ე წუთზე გაუკეთა. საბოლოოდ, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ამ დროისთვის, კვარაცხელიას ანგარიშზე 3-3 გოლი და საგოლე პასია. რუსეთის პრემიერლიგაში გასული 26 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინს 30 ქულა აქვს, მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 5 ქულითაა დაშორებული. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. რუბინი მომდევნო შეხვედრას 9 ივლისს, შინ კრასნოდართან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები