Thumbnail

‘წესს დავარღვევ და ჩავეხუტები’ – რას აპირებს მოურინიო ევერტონთან მატჩის წინ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

დღეს, პრემიერლიგაში დაგეგმილი ტოტენჰემისა და ევერტონის მატჩის წინ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღმატებით ხარისხში ისაუბრა ლივერპულელთა თავკაც კარლო ანჩელოტიზე. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტისგან სხვებს მიმართ კომპლიმენტები არცთუ ხშირად გვესმის, ამჯერად კი, მას თბილი სიტყვები არ დაუშურებია.

“ვფიქრობ, საფეხბურთო სამყაროში ანჩელოტით ყველა აღტაცებულია. ის არა მხოლოდ ჩინებული სპეციალისტი, არამედ, კარგი ადამიანიცაა. ის ძალიან მიყვარს. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. ის, რომ კარლო პრემიერლიგაში დაბრუნდა, მიხარია და შემიძლია ვთქვა, რომ ევერტონს ძალიან გაუმართლა. გამიმართლა მეც, რადგანაც მას ამდენი წელია ვიცნობ. უეფა-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე ერთად დიდი დრო გვაქვს გატარებული. ფანტასტიური კაცია! ვფიქრობ, ევერტონთან მატჩის წინ, სოციალური დისტანცირების წესს დავარღვევ და მას ჩავეხუტები. ის ძალიან მომწონს”.

ცნობისთვის, ევერტონში მისვლამდე, 61 წლის ანჩელოტი ნაპოლის, ბაიერნს, პსჟ-ს, ჩელსის, მილანს, იუვენტუსს, პარმასა და რეჯანასაც წვრთნიდა. მას ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ (2-ჯერ მილანში, ერთხელ – რეალში) აქვს მოგებული.

ტოტენჰემისა და ევერტონის დღევანდელი მატჩით ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტური დაიხურება. ამ დროისთვის, ლონდონელებს 45 ქულით მე-10 ადგილი უკავიათ, ლივერპულელები კი მათ 1 ქულით ჩამორჩებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები