Thumbnail

ფორმულა 1 | ფეტელი ფერარის აკრიტიკებს, რალფ შუმახერი და როსბერგი - ფეტელს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ისინი მაინც შეეცდებიან, რომ ურთიერთობის უკანასკნელ წელს ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონის პირველივე რბოლამ გამოაჩინა, რომ სებასტიან ფეტელს და ფერარის ერთად აღარაფერი გამოუვათ. ამ ურთიერთობის მეხუთე და ბოლო წელს პირველივე რბოლა სრული კრახი იყო. ფეტელი ბოლოსწინა ადგილზე გავიდა (9 პილოტი გავარდა), მისმა თანაგუნდელმა შარლ ლეკლერმა კი ქაოტურ რბოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

“ჩემი ბოლიდი ვეღარ ვიცანი, მისი მართვა ძალიან ძნელი იყო. ჩემთვის ეს ურთულესი რბოლა გამოდგა,” - განაცხადა სებამ რბოლის შემდეგ და თავისი ბოლიდი გააკრიტიკა.

თითქოს სიმბოლური გახლდათ ის ფაქტიც, რომ ფეტელი, რომელმაც მე-11 ადგილიდან დასტარტა, კარლოს საინსთან შეჯახების შემდეგ დატრიალდა და ბოლოსწინა ადგილამდე ჩამოქვეითდა. შეგახსენებთ: საინსი ის კაცია, ვინც ფერარიში ფეტელი უნდა შეცვალოს.

იცით, რა სიტყვებით გააკრიტიკა ფეტელი რალფ შუმახერმა, რომელიც ახლა Sky-ს ექსპერტია? “ასეთი რამ დამწყებ მრბოლელს უნდა ემართებოდეს და არა სებასტიანს. არ ვიცი, ვერ ვხვდები, ხანდახან რა ემართება.” - განაცხადა მიხალ შუმახერის 44 წლის ძმამ.

ფეტელის მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა ნიკო როსბერგმაც: “ხანდახან სხვა რამ უნდა მოიფიქროს დუელებში გასასწრებად. ძალიან მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.”

📺 ვიდეო: ავსტრიის გრანპრის მიმოხილვა

მოკლედ, ფეტელს და ფერარის აღარაფერი გამოუვათ. დაპირისპირება გაცილებით ადრე დაიწყო და ურთიერთობაც მაშინ გაფუჭდა. ახლა კი, უშუალოდ ავსტრიის გრანპრის წინ სებამ განაცხადა, ფერარიში ჩემთვის ახალი კონტრაქტი არც არავის შემოუთავაზებიაო. ოფიციალურად კი, ფერარიში ამბობდნენ, რომ მაისში ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება.

ფერარის გუნდის შეფი მატია ბინოტო

ახლა კი დასასრულისკენ მიდის ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია, აღარ არის კარგი. წლის ბოლოს ფეტელი ფერარიდან მიდის (ჯერ არავინ იცის, სად) და მას 25 წლის კარლოს საინსი შეცვლის. რბოლის შემდეგ სკუდერიას  შეფი მატია ბინოტო გერმანელ პილოტს შეხვდა და 4 წუთი ელაპარაკა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს მხოლოდ ეს უთხრა: “უნდა გავუგოთ, ფრუსტრირებულია.”

ფრუსტრირება ფეტელს ალბათ კიდევ მინიმუმ 7 რბოლა გაუგრძელდება (ოფიციალურად სეზონში მეტი რბოლა არ გადაწყვეტილა), მერე კი ის და ფერარი ოფიციალურად გაიყრებიან...

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • მაქს ფერსტაპენი
  • ვალტერი ბოტასი
  • შარლ ლეკლერი
  • სებასტიან ფეტელი
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები