Thumbnail
  • ვილიარეალი 1:4 ბარსელონა
  • ბილბაო 0:1 რეალი
  • ესპანურ გრანდებს შორის სხვაობა ისევ 4 ქულაა

ბოლო პერიოდში არცთუ კარგ ფორმაში მყოფმა ბარსელონამ ლა ლიგის 34-ე ტურში ვილიარეალთან გაილაღა და მასპინძლებს 4:1 სძლია, თანაც მეტოქეს ერთი მეორეზე ლამაზი გოლები გაუტანა.

საინტერესოა, რომ ამჯერად არ გაუტანია ლიონელ მესის, თუმცა, მან 2 საგოლე პასი მიითვალა და სეზონში 19 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა, რაც მისი კარიერული რეკორდის განმეორებაა. არგენტინელ ვარსკვლავს ასეთივე შედეგი 2014-15 წლების სეზონში ჰქონდა.

კატალონიელთა ერთ-ერთი გოლი მოხდენილი დარტყმით ურუგვაელმა ლუის სუარესმა შეაგდო, რომლისთვის ეს, ბარსელონაში 194-ე ბურთი აღმოჩნდა. ამით, სუარესი ესპანური გრანდის საუკეთესო მეგოლეთა სიაში მე-3 ადგილზე მყოფ ლადისლაო კუბალას გაუტოლდა, პირველი მესია (630), მეორე კი – სესარ როდრიგესი (232).

თავი გამოიჩინა ანტუან გრიზმანმაც, რომელმაც ლა ლიგაში 15 თებერვლის მერე არ გაეტანა. მაშინაც და ახლაც, ფრანგმა თავდამსხმელმა მესის პასით შეაგდო და სეზონში 9 გოლი მოუგროვდა.

ბარსელონა პაუ ტორესის ავტოგოლით დაწინაურდა, ბოლო შედეგიანი დარტყმა კი 17 წლის ანსუ ფატიმ განახორციელა და ეს, ბარსელონას ისტორიაში საიუბილეო მე-9000-ე გოლი აღმოჩნდა.

კიკე სეტიენის გუნდმა 73 ქულა მოაგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, პირველ ადგილზე მყოფ მადრიდის რეალს 4 ქულით ჩამორჩება.

ვილიარეალი 1:4 ბარსელონა

გოლები: 0:1 ტორესი (3' ავტოგოლი), 1:1 მორენო (14), 1:2 სუარესი (20), 1:3 გრიზმანი (45), 1:4 ფატი (86).

მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ზინედინ ზიდანის გუნდმა ბილბაოს ატლეტიკი სტუმრად, ურთულეს მატჩში 1:0 დაამარცხა და ბარსელონასთან კომფორტული უპირატესობა შეინარჩუნა. გამარჯვების გოლი სერხიო რამოსმა პენალტით გაიტანა.

ბილბაო 0:1 რეალი

გოლი: 0:1 სერხიო რამოსი (73-პენ).

კომენტარები

ბოლო ამბები