Thumbnail

ბილბაოს ატლეტიკის ნახევარმცველი დანი გარსია უკმაყოფილო დარჩა მადრიდის რეალთან მატჩში მსაჯების მოქმედებით, უფრო სწორად კი, თამაშზე VAR-ის ზემოქმედებით.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოში გამართული შეხვედრის ბედი პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც მე-2 ტაიმში დაინიშნა. სწორედ ხსენებულმა გარსიამ საჯარიმოში ფეხი მარსელოს დააბიჯა, რაც მთავარმა არბიტრმა ხოსე ლუის გონსალეს გონსალესმა უყურადღებოდ დატოვა, თუმცა, საქმეში VAR-ი ჩაერთო და ვიდეოგამეორებების ნახვის შემდეგ, აბიტრმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად სერხიო რამოსმა გარდასახა.

სხვა ეპიზოდში თავად რამოსმა დააბიჯა ფეხი რაულ გარსიას, თუმცა, მსაჯს არც ამ ეპიზოდზე გაუმახვილებია ყურადღება და რაც მთავარია, ამჯერად, მას ყურშიც არაფერი უთხრეს. ატლეტიკის ფეხბურთელი და მისი თანაგუნდელები სწორედ ამან განარისხა:

“არ შეიძლება, ერთ შემთხევაში წესების დარღვევას გამიზნული უწოდო და მე-2 შემთხვევაში, ის არ დააფიქსირო. მე ხომ ვიცი, რომ უკეთეს პოზიციაში ვიმყოფებოდი და მარსელოს ფეხი შემთხვევით დავაბიჯე. ის ბურთთან ჩემზე ახლოს ვერაფრით მივიდოდა. თუკი ამ დროს პენალტი უნდა დაინიშნოს, მაშინ მეორე ეპიზოდშიც იგივე უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ, ფეხბურთს VAR-ი მართავს!”.

საინტერესოა, რომ რეალმა უკანასკნელი 3 მატჩი 1:0 მოიგო, ბოლო 2 შეხვედრაში კი, წარმატებას რამოსის პენალტების წყალობით აღწევდა. მადრიდელები მე-2 ადგილზე მყოფ ბარსელონას უკვე 7 ქულით უსწრებენ, თუმცა, კატალონიელებს თამაში მარაგში აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები