Thumbnail

‘იცით, რატომ მივაღწიე ამ დონემდე?’ - ბუფონი 43 წლამდე ითამაშებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ეს კაცი დიდი ფენომენია.

ჯანლუიჯი ბუფონმა ტორინოსთან მატჩში (4:1) კიდევ ერთი, ვინ დათვლის, მერამდენე რეკორდი დაამყარა. იუვენტუსის 42 წლის მეკარემ სერია A-ში თავისი 648-ე თამაში ჩაატარა, ამით პაოლო მალდინის გადაასწრო და ახლა უკვე ერთპიროვნული რეკორდსმენია. მალდინის მილანის რიგებში 1985-დან 2009 წლამდე 647 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

“648 რიცხვი კი არა, მთელი ცხოვრებაა. ცხოვრება ორი ხელთათმანით, ცხოვრება კარის წინ. 648 მადლობა თქვენ!” - დაპოსტა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ‘ტვიტერზე’.

“ბუფონი 1995 წლის 19 ნოემბერს დაწყებული კარიერის დაუსრულებელ რომანში ახალ თავს წერს. მაშინ, პარმას მწვრთნელმა ნევიო სკალამ 17 წლის მეკარე მალდინის მილანთან ათამაშა,” - წერდა ‘გაძეტა დელო სპორტი’.

“იცით, რატომ მოვათწიე ამ დონემდე? იმიტომ, რომ არასდროს დავკმაყოფილებულვარ. ჩემი მიზანია, რომ 43 წლამდე ვითამაშო. მოტივირებული ვარ და ჯერ კიდევ შემიძლია, რომ თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარო,” - განმარტა ვეტერანმა, რომელმაც იუვენტუსთან კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ წელს ბუფონმა სერია A-ში პირველად ითამაშა. ჯიჯის იტალიის ჩემპიონატში უკანასკნელი მატჩი 2019 წლის დეკემბერში ჰქონდა ჩატარებული.

ბუფონს სერია A-ში დებიუტი 1995 წელს, 17 წლის ასაკში ჰქონდა, იუვეში კი 2001 წელს გადავიდა. 2006/2007 წლების სეზონში ტურინული გრანდი დასაჯეს და სერია B-ში დააქვეითეს, მაგრამ ბუფონმა გუნდი არ დატოვა. იგი 2018 წელს ერთი სეზონით გადავიდა პარი სენ-ჟერმენში და შარშან ისევ იუვენტუსში დაბრუნდა. იტალიის ნაკრებში ბუფონს 176 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყველაზე მეტი მატჩი სერი A-ში

1. ჯანლუიჯი ბუფონი - 648
2. პაოლო მალდინი - 647
3. ფრანჩესკო ტოტი - 619
4. ხავიერ ძანეტი - 615

კომენტარები

ბოლო ამბები