Thumbnail

33 ტურის შემდეგ, რეალ მადრიდი სატურნირო ცხრილს 74 ქულით ლიდერობს და ბარსელონას 4 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, რეალი კი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. დარჩენილი მატჩებიდან დღეს, 'სამეფო კლუბს' ერთ-ერთი ურთულესი მატჩი ელის - რეალი ბილბაოს ატლეტიკს სტუმრობს. 

ზინედინ ზიდანის 23-კაციან სიაში ედენ აზარი, რაფაელ ვარანი და ნაჩო ვერ მოხვდნენ. ეს სამეული ტრავმირებულია. სიის მიღმა დარჩა ხამეს როდრიგესი, თუმცა გარეთ ბეილი სიაშია, ვისაც ასევე არ უთამაშია ხეტაფესთან მატჩში. 

გაისკა გარიტანოს გუნდში შესანიშნავ ფორმაშია 33 წლის რაულ გარსია. ნახევარმცველმა ამ სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა. 

ზიდანი პრესკონფერენციაზე

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "გუნდში არანაირი ეიფორია არ არის, მხოლოდ შრომა და შემართება. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რომ ეს რთული და გრძელი ტურნირია. მათ ყველაფრის მოგება სურთ.

რეალს კიდევ ერთი რთული მატჩი ელის. "სან მამესი" ნებისმიერი გუნდისთვის არასტუმართმოყვარე სტადიონია. დიდებული თამაში გველის, ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ.

რეალის ფეხბურთელები და მწვრთნელები მიჩვეული ვართ მუდმივ ზეწოლას, ჩვენ ყოველთვის ამ რეჟიმში ვართ. ასე რომ, ამით ვერავინ გაგვაკვირვებს".  

საინტერესო ფაქტები

⚽ პირველ წრეში რეალმა და ბილბაომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" 0:0 ითამაშეს.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 ფრედ დასრულდა.

⚽ ბილბაოს ატლეტიკი ლა ლიგაში ბოლო 30 საშინაო მატჩიდან 27-ში არ დამარცხებულა. 

⚽ რეალს ლა ლიგაში 6-მატჩიან მოგებათა სერია აქვს.

⚽ ბოლო სამი ტურია, რაც რეალს გოლი არ გაუშვია

⚽ ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებაა, რაც "სამეფო კლუბს" არ წაუგია. 

⚽ ბოლო სამი ტურია, რაც რეალის მონაწილეობით მატჩებში 2.5 გოლზე ნაკლები გადის.

სავარაუდო შემადგენლობები

ბილბაო (4-2-3-1): სიმონი - კაპა, ნუნიესი, ი. მარტინესი, იური ბერჩიჩე - დანი გარსია, ვესგა - რაულ გარსია, სანსეტი, კორდობა - ვილიამსი
ტრავმა: ბენიატი (?)
დისკვალიფიკაცია: არავინ

რეალი (4-3-1-2): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, ვალვერდე - მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა
ტრავმა: ნაჩო, ვარანი, აზარი
დისკვალიფიკაცია: არავინ

კომენტარები

ბოლო ამბები