Thumbnail

ჰამზიჩის გმირობა ფინალში - თასი ჩიხურას!

  • ჩიხურამ ტორპედოს პენალტების სერიაში [4:3] აჯობა
  • საჩხერულმა კლუბმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვა​​​​​​
  • დავით ყიფიანის სახელობის თასი ჩიხურამ მესამე ცდიდან მოიგო

კლუბის ისტორიაში პირველი ჯილდო საჩხერის ჩიხურამ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მოიპოვა. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ტორპედოს, საჩხერულმა კლუბმა თასის მოქმედი ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა!

თასი გუნდის კაპიტანმა შოთა კაშიამ აღმართა

დინამო თბილისთან წაგებული ორი ფინალის შემდეგ საჩხერელთა მოტივაცია განსაკუთრებული იყო. გუნდს სეზონის განმავლობაში აქცენტი სწორედ სათასო ბატალიებზე ჰქონდა გაკეთებული. ფინალურ მატჩში ვერ გავიდა მოედანზე გუნდის კაპიტანი შოთა კაშია. ავარიის შემდეგ იგი რეაბილიტაციის პერიოდს გადის. 

დინო ჰამზიჩი საუკეთესო გახდა

გადამწყვეტი მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა. გუნდებმა 120 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერ შეძლეს და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაარკვიეს. 

იმერული დერბის მთავარი გმირი დინო ჰამზიჩი გახდა. საჩხერელთა ბოსნია-ჰერცოგოვინელმა მეკარემ სერიაში ორი თერმეტმეტრიანი მოიგერია და გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

თამაში ტორპედოს ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და გატანის ყველაზე რეალური შანსიც ქუთაისელებს ჰქონდათ. მე-20 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტორპედოს შემტევი ვლდიმირ კოროპკა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მის წინააღმდეგ ჰანზიჩმა თამაშის წესი დაარღვია და ჩიხურას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან გიორგი კუხიანიძე მივიდა და ხარიხას გაარტყა - ანგარიში უცვლელი დარჩა.

მთელი 120 წუთის განმავლობაში, ორივე კართან 3-4 მეტმნაკლებად სახიფათო მომენტი შეიქმნა - გატანა შეეძლო დიმიტრი ტატანაშვილს, რომელსაც ერთხელ როინ კვასხვაძემ აუღო, მეორე შემთხვევაში კი მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. პერიოდულად საჩხერელებიც უტევდნენ, რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

ვლადიმერ ვაისი ფინალს დაეწრო

დამატებით დროში, გუნდები კიდევ უფრო ფრთხილად თამაშობდნენ, ნათელი ხდებოდა, რომ გამარჯვებულს თერთმეტმეტრიანების სერია გამოავლენდა.

სტანდარტები უკეთ საჩხერელმა ფეხბურთელებმა დაარტყეს. გადამწყვეტი დარტყმა გიორგი კუხიანიძემ შეასრულა, მას ჰამზიჩმა აჯობა და საკუთარ კლუბს პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ბოსნია-ჰერცეგოვინელი ფინალური მატჩის საუკეთსო მოთამაშე გახდა. საქართველოს თასთან ერთად ჩიხურამ უეფას ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

საჩხერელებმა სეზონის ტიტულით დაასრულეს, ქუთაისური დუბლი კი არ შედგა. საბოლოოდ გაირკვა იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც საქართველოს სახელით ევროთასებზე იასპარეზებენ: ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგაში ჩაებმება, დინამო თბილისი, სამტრედია და  ჩიხურა კი ევროპალიოგაზე მოსინჯავენ ძალებს.

საქართველოს თასი

🏆 🇬🇪 საჩხერის ჩიხურა არსებობის განმავლობაში პირველად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული გახდა! #საქართველოსთასი

Posted by Georgian Football Federation on შაბათი, 02 დეკემბერი, 2017

კომენტარები

ბოლო ამბები