Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის გუნდმა "მიხეილ მესხზე" ზედიზედ მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო.
  • როგორც ლიტვას, მეორე ტაიმში გოლი ვერც ესტონელებს გავუტანეთ.
  • ეროვნულ გუნდში პირველი გოლი გაიტანა ჯიმი ტაბიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლიტვის ნაკრების განადგურების შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა და ამჯერად, 2:0 გაიმარჯვა.

განვლილ ორ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველო ნაკრებმა 6 გოლი გაიტანა და არც ერთი არ გაუშვია!

ვაისის გუნდის ორივე მეტოქე, ლიტვაც და ესტონეთიც ერთა ლიგის C დივიზიონში ასპარეზობენ და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებზე მაღალი რეიტინგი აქვთ. 

ტაქტიკა და შემადგენლობა

ვლადიმირ ვაისმა ისევ 4-2-3-1 ტაქტიკური მონახაზი აირჩია, შემადგებლობაში კი არაერთი ცვლილება განახორციელა.

ნაკრების ფეხბურთელების სოლიდარობა ჯანო ანანიძეს, რომელსაც წინ ოპერაცია ელის

დაცვის ცენტრში საბა კვერკველიას გურამ კაშიას ნაცვლად ჯიმი ტაბიძე შეუწყვილდა, ფლანგებზე კი ოთარ კაკაბაძე და ლაშა შერგელაშვილი მოქმედებდნენ. ამჯერად, თადარიგში დარჩა გიორგი ნავალოვსკი.

საყრდენ ხაზს ჯაბა კანკავასთან ერთად ნიკა კვეკვესკირი ამაგრებდა, შედარებით წინ ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი მოქმედებდნენ, ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კი ნიკა კაჭარავა გახლდათ.

ტრავმების გამო თამაში ჯანო ანანიძემ და ვაკო გვილიამ გამოტოვეს, ლიტვასთან მატჩის ერთ-ერთი გმირი, გიორგი ჩაკვეტაძე კი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თავის კლუბს, გენტს დაუბრუნდა.

თამაში და გოლები

საქართველოს ნაკრებმა სრული უპირატესობით წარმართა პირველი ტაიმი და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა ესტონეთის კართან.

მატჩის დაწყებიდან 6 წუთი იყო გასული, როდესაც კუთხურს ესტონელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა: ბურთი ჯიმი ტაბიძეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა და 1:0 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

ვაისის გუნდს მალევე შეეძლო მეორე გოლის გატანა: გიორგი პაპუნაშვილის პასის შემდეგ, ნიკა კაჭარავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და მახვილი კუთხიდან ტექნიკურად დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

გატანა არაერთხელ შეეძლო თავად პაპუნაშვილს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და მთლიანობაში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო

35-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გოლი-შედევრი გაიტანა და საქართველოს ნაკრები ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდა - ვაკომ ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიცილა მეტოქე, ტერფის გარე ნაწილით აჭრა ბურთი და ცხრიანში გაახვია.

მეორე ტაიმში ესტინელები შედარებით გააქტიურდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა ყველა შემთხვევაში გიორგი მაკარიძე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

მთლიანობაში, მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ქართველ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა, მათ შორის კი ნიკა კაჭარავას 100%-იანი მომენტი უნდა გამოვარჩიოთ, როდესაც მეკარემ 3-4 მეტრიდან აუღო.

ვაისმა ცვლილებებს მიმართა და თამაშის საშუალება სხვა ფეხბურთელებსაც მისცა, თუმცა ამით, საერთო სურათი არ შეცვლილა - საქართველოს ნაკრებმა ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე..

დასკვნა

ისევე როგორც ლიტვასთან შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთანაც კარგად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინა მოედანზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამ გუნდურ თამაშს თან ერთვოდა ინდივიდუალური ოსტატობა, რისი საუკეთესო მაგალითიც ყაზაიშვილის ბრწყინვალე გოლია. 

ნიკა კაჭარავას ესტონელებთან ფატალურად არ უმართლებდა

საქართველოს ნაკრებს მარტის ამხანაგური მატჩები აქტივში უნდა ჩავუწეროთ. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორივე მეტოქე სოლიდური ანგარიშით დაამარცხა. ამასთან, გამართული და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა განვლილი ორი მატჩი სხვადასხვა შემადგენლობით ჩაატარა და მიუხედავად ამისა, თამაშის სტილი, ხელწერა და ხარისხი არ დაკარგულა.

საქართველოს ნაკრებმა ორივე საშინაო მატჩი პირველ ნომრად ითამაშა და ორივე შეხვედრაში სრულად აკონტროლებდა მოედანზე ვითარებას.  

ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრებს შეუძლია არა მარტო ანდორის, ლატვიის და ყაზახეთის დამარცხება, არამედ ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა - მთავარია მიწაზე მყარად დგომა, აღებული კურსის გაგრძელება, არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და ცოტა იღბალი...

საქართველოს ეროვნული გუნდი უეფას ერთა ლიგისთვის მზადების ფარგლებში მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 1 ივნისს ავსტრიაში მალტასთან, ხოლო 5 ივნისს, სტუმრად ლუქსემბურგთან ჩაატარებს.

ვლადიმირ ვაისი: კარგია, რომ მოვიგეთ! ცუდია, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ...

საქართველო 2:0 ესტონეთი

გოლები: 1:0 ტაბიძე (6), 2:0 ყაზაიშვილი (35).

საქართველო: გიორგი მაკარიძე, ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია (84. გურამ კაშია), ჯიმი ტაბიძე, ლაშა შერგელაშვილი (63. ლაშა დვალი), ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (83. გიორგი აბურჯანია), გიორგი მერებაშვილი (63. ჯაბა ჯიღაური), ნიკა კაჭარავა (69. ბაჩანა არაბული, 77. გიორგი ქვილითაია).

ესტონეთი: მეერტისი, პიკი, კაიტი, ანიერი, ჟენიოვი, ლეპისტუ, კლავანი, ანტონოვი, ტენისტე, მოროზოვი, ტამი.

კომენტარები

ბოლო ამბები