Thumbnail
  • 📅 4 ივლისი | ⌚ 22:00 | ⚽ ლევერკუზენი V ბაიერნი
  • ფინალს 18 000-ზე ნაკლები მაყურებელი არასდროს დასწრებია
  • ბაიერნი ფავორიტია, მაგრამ ლევერკუზენი ძალიან მოტივირებულია
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

კორონა-კრიზისში საფეხბურთო სეზონი ყველაზე ადრე გერმანიაში განახლდა და ყველაზე მალე გერმანიაში დასრულდება: ეს შაბათს, გერმანიის თასის ფინალით მოხდება, რომელიც, ტრადიციისამებრ, დედაქალაქ ბერლინში გაიმართება. ფინალში ერთმანეთს ჩემპიონი მიუნხენის ბაიერნი და ლევერკუზენი ხვდებიან.

ბავარიულ გრანდს შანსი აქვს, მეორე ტიტული მოიგოს და გადადგას ნაბიჯი დიდი ‘ტრიპლისკენ’ - მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც ოცნებობენ. ჰანსი ფლიკის გუნდი ფინალში აშკარა ფავორიტიცაა, თუმცა ლევერკუზენიც ძალიან მოტივირებულია და ყველამ იცის, რომ ამ გუნდს ყოველთვის შეუძლია ბაიერნის დამარცხება. მართალია, 6 მაისს ბაიერნმა ლევერკუზენი 4:2 დაამარცხა, მაგრამ მანამდე, ‘ფარმაცევტებს’ ბავარიელები ზედიზედ ორჯერ ჰყავდათ დამარცხებული. ლევერკუზენის განსაკუთრებული მოტივაციაა ისიც, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგოს ტიტული.

გერმანიის თასის ფინალს ტრადიციულად ბერლინის ოლიმპიაშტადიონი უმასპინძლებს

ეს გერმანიის თასის რიგით 77-ე ფინალია და პირველად არ დაესწრება მაყურებელი. ბერლინის ‘ოლიმპიაშტადიონზე’ ჯამში დაახლოებით 700 ადამიანი იქნება - სხვათა შორის, მათ შორის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვიც. აქამდე გერმანიის თასის ფინალს ყველაზე ცოტა მაყურებელი 1961 წელს ჰყავდა - მაშინ შალკეს სტადიონზე სტადიონზე გადამწყვეტ მატჩს 18 000 გულშემატკივარი დაესწრო (ვერდერი 2:0 კაიზერსლაუტერნი). თვით მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, როცა 5 ფინალი ჩატარდა, მატჩს 45 000-ზე ნაკლები ფანი არ დასწრებია.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს გერმანიის თასზე ბოლო 8 მატჩი მოგებული აქვს.

⚽ ლევერკუზენისა და ბაიერნის ბოლო 7 თამაშში (ყველა ტურნირზე) 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ლევერკუზენმა გერმანიის თასზე ბოლო 5 თამაში მოიგო.

⚽ გერმანიის თასზე ბაიერნის ბოლო 10 მატჩიდან 9-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ გერმანიის თასზე ბაიერნმა ბოლო 7 მატჩიდან 6-ში პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც.

⚽ ამ ტურნირზე ბაიერნს ბოლო 10-დან 9 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ გერმანიის თასზე ლევერკუზენის ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ლევერკუზენს ფინალამდე ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა.

⚽ ლევერკუზენმა ბაიერნს ყველა ტურნირზე ბოლო 3 დუელში მინიმუმ 2-2 გოლი გაუტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლევერკუზენი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ლ. ბენდერი, ს. ბენდერი, ტაპსობა, სინკგრავენი - არანგისი, ბაუმგარტლინგერი - ჰავერტცი, დიაბი, ბაილი - ფოლანდი.
ტრავმა: პაულინიო, ბელარაბი

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვკი.
ტრავმა: ზიულე, ტოლისო, ალკანტარა, ერნანდესი

კომენტარები

ბოლო ამბები