Thumbnail
  • აშრაფ ჰაკიმიმ ინტერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ჰაკიმის სიტი და ბაიერნი გაცილებით მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ

მილანის ინტერმა ოფიციალურად გაიფორმა მადრიდის რეალის მაროკოელი მარჯვენა მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იჯარით დორტმუნდში თამაშობდა...

ინფორმაცია პირველმა "სამეფო კლუბმა" დაადასტურა - 21 წლის ჰაკიმი 2025 წლამდე "ნერაძური" იქნება. თუ ესპანურ მედიას დავუჯერებთ, "ლოს ბლანკოსმა" მისივე აღზრდილი ტალანტი იმაზე გაცილებით იაფად გაუშვა, ვიდრე მაროკოელის საბაზრო ფასია. "ტრანსფერმარკტი" მას 54 მილიონ ევროდ აფასებს, რეალმა კი ის ინტერში 40 მილიონად გაუშვა (რომელსაც, შესაძლოა, 5 მილიონი ევრო დაემატოს). 

აშრაფ ჰაკიმი ინტერში სეზონში ბონუსების ჩათვლით 5 მილიონ ევროს მიიღებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ჰაკიმის ბაიერნი და მანჩესტერ სიტი გაცილებით მეტ ხელფასს სთავაზობდნენ. მეტიც, მასში ინგლისური კლუბი 60 მილიონი ევროს გადახდაზე იყო თანახმა, მაგრამ მაროკოელმა ინგლისში წასვლა არ მოინდომა. 

აშრაფ ჰაკიმის ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონში 33 თამაშში, 5 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს. მაროკოელს მარჯვენა მცველის პოზიციის გარდა, ნახევარდაცვის ფლანგზე და მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები