Thumbnail
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული მედიას შეხვდა.
  • თბილისს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობა სურს. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ჟურნალისტებს შეხვდა. 

გურასპაულმა ის ღონისძიებები და აქტივობები მომოიხილა, რომლებსაც კალათბურთის ფედერაციამ გაუწია ორგანიზება. საუბარი შეეხო ქართულ კალათბურთში მიმდინარე აქტუალურ პროცესებს…

პაატა გურასპაული სამი თვეა ფედერაციას ხელმძღვანელობს ​

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი):

"ჩემი მიზანია, რომ პერმანენტული შეხვედრები მქონდეს მასმედიის წარმომადგენლებთან და ერთად მივყვეთ იმ პროცესებს, რომელიც ქართულ კალათბურთში მიმდინარეობს. შევეცდები, რომ ყოველთვის ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცე. 

3 თვეზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი. კიდევ ერთელ ვიტყვი, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მზად ვარ, რომ ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ 24 საათი ვიშრომო.

არჩევნები და მსაჯების სკანდალი

საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ მოქმედი კალათბურთელი ფედერაციის საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. თუმცა, რაც იყო, იყო და წყენა ნამდვილად არ ჩამიდია გულში. შევხვდი თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს და მერწმუნეთ, რომ ამ თემაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. დღეს, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და საკალათბურთო ოჯახი ერთსულოვანია.

ჩემთვის მძიმე იყო მსაჯების გარშემო აგორებული სკანდალი და გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ამ შოკიდან გამოვსულიყავით.

ცხოვრება გრძელდება და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ამ მძიმე ვითარებიდან გამოვსულიყავით. ჩვენ გვყავდა სერბი სპეციალისტი ჩამოყვანილი, რომელსაც სწორედ მსაჯებთან მუშაობა ევალებოდა და ამ ვითარებიდან გამომდინარე, მას გაუათმაგდა სამუშაო. დღეს, უკვე 15 პერსპექტიულ მომავალ მსაჯთან მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე მათგანი უკვე მსაჯობს კიდეც შეხვედრებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსაჯების კუთხით უკეთესი ვითარება გვექნება, არჩევანიც მეტი იქნება და ხარისხიც. ასე რომ, ეს სკანდალი ჩვენთვის დამატებითი სტიმული აღმოჩნდა.

ასევე, მიმდინარეობს მწვრთნელების გადამზადების პროგრამა. ამ კუთხითაც გვიჭირს და მომავალში, ქართულ კალათბურთში უფრო მაღალი დონის მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ.

ნაკრები და ევრობასკეტი 2021

სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს სეტონ ჰოლში თამაშობს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სანაკრებო თემა და ევროლიგა-ფიბას შორის არსებული კონფლიქტი. ჩვენი ნაკრებისთვის თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი დიდ ძალას წარმოადგენენ და ისინი სწორედ ამ კონფლიქტის გამო ვერ დაეხმარნენ ნაკრებს. ამას დაემატნენ ტრავმირებული მოთამაშეები. 

კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებოდით, რომ არა ჩვენი ძალისხმევა, როდესაც ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და მაიკლ დიქსონი ჩამოვიყვანეთ. მოვახერხეთ შეკრებების ორგანიზება და ყველაფრის მიუხედავად, ილიას ზუროსმა შეკრა ბრძოლისუნარიანი გუნდი. შედეგად, ავსტრიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ნაკრებს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ შემადგენლობას, მთლიანობაში განვლილი ორი მატჩი ავსტრიასა და გერმანიასთან დადებითად უნდა შევაფასოთ. 

გერმანიასთან საშინაო მატჩი საორგანიზაციო კუთხით ფიბამ 9.5 ქულით შეაფასა, ნახევარი ქულა კი სპორტის სასახლის განათების გამო დაგვაკლდა. ეს ის საკითხია, რომელსაც მარტო კალათბურთის ფედერაცია ნამდვილად ვერ მოაგვარებს. სხვა მხრივ, საორგანიზაციო მხარე მხოლოდ დადებითად შეფასდა. სასიხარულოა, რომ ევროპაში სწორედ ჩვენ საშინაო თამაშს დაესწრო ყველაზე მეტი გულშემატკივარი. საქართველო-გერმანიის მატჩზე მაყურებელთა რაოდენობამ 9 000-ს გადააჭარბა.

ჩვენი მიზანია, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი თბილისში ჩატარდეს და ამ თვალსაზრისით, ფიბასთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება.

რაც შეეხება მომდევნო სანაკრებო ბატალიებს და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს, იმედია, რომ ყველა ტრავმირებული მოთამაშე დაგვიბრუნდება, ევროლიგელები შემოგვიერთდებიან და ჯგუფის ორივე დარჩენილ შეხვედრას მოვიგებთ, მათ შორის სერბეთთან. 

ბოლო ფაზაშია ტექნიკური საკითხების მოგვარება და უკვე გადაწყვეტილია, რომ სანდრო მამუკელაშვილი აუცილებლად გახდება საქართველოს მოქალაქე და ითამაშებს ჩვენ ეროვნულ ნაკრებში.

სანდრო თბილისში ივნისის დასაწყისში ჩამოვა და ის შეუერთდება საქართველოს ნაკრებს. სანდრო და გოგა ბითაძე 20-წლამდელთა ნაკრებსაც დაეხმარებიან მნიშვნელოვან შეხვედრებში.

► სანდრო მამუკელაშვილი: მინდა, ამერიკაში დაინახონ, რომ თამაში ქართველებმაც ვიცით

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, რომ საქართველოს სუპერლიგა განვითარდეს და მომავალი სეზონიდან უფრო დასწრებადი და საინტერესო გახდეს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან აქტივობებს ვაპირებთ".

კომენტარები

ბოლო ამბები