Thumbnail

ჯონ ისნერი: ვისაც კორონავირუსის გჯერათ, შეგიძლიათ, სარდაფებში ისხდეთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მე ჩვეულებრივად ცხოვრებას ვაპირებ. ოჯახთან ვიქნები და ჩოგბურთსაც ვითამაშებ'
  • აშშ-ს პირველ ჩოგანს პანდემიის საფრთხე მოგონილი ამბავი ჰგონია

აშშ-ს პირველი ჩოგანი ჯონ ისნერი იმ სპორტსმენთა რიცხვშია, რომლებიც მსოფლიოს მოდებულ კორონავირუსთან დაკავშირებულ ამბებს სკეპტიკურად უყურებენ. ამერიკელმა ჩოგბურთელმა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯონმა უახლოესი გეგმების შესახებ დაწერა: “მოუთმენლად ველი, როდის ჩავერთვები ატლანტის ტურნირში”. აღნიშნულს მის ტვიტერის გვერდზე გამოხმაურებები მოჰყვა, სადაც ისნერს უხსიდნენ, რომ დავირუსების მაღალი რისკის გამო, სჯობდა, კორტზე დაბრუნებისგან თავი შეეკავებინა. ამაზე ჯონის პასუხი საკმაოდ კატეგორიული იყო:

“ვისაც ამ კორონავირუსის გჯერათ, შეგიძლიათ, სარდაფებში იმდენს ხანს ისხდეთ, რამდენი ხანიც მოგესურვებათ. მე ჩვეულებრივად ცხოვრებას ვაპირებ. ოჯახთან ვიქნები და ჩოგბურთსაც ვითამაშებ. ამაში საფრთხეს ვერ ვხედავ”.

ცნობისთვის, ატლანტაში დაგეგმილი საჩოგბურთო ტურნირი 3-5 ივლისს ჩატარდება და მასში, ისნერის გარდა, ფრენსის ტიაფო, ტეილორ ფრიცი, რეილი ოპელკა, ტომი პოლი, სემ ქუერი, ტენის სანდგრენი და სტივ ჯონსონი ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ხორვატიასა და სერბეთში გამართულ საჩოგბურთო ტურნირებზე ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები დაცული არ იყო. შედეგად, დაინფიცირდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მის გარდა, კორონავირუსი კიდევ 3 ჩოგბურთელს, ორ მწვრთნელსა და ვიკტორ ტროიცკის ცოლს დაუდასტურდა, პირველად კი COVID-19 გრიგორ დიმიტროვს აღმოაჩნდა.

35 წლის ჯონ ისნერი, რომლის სიმაღლეც 2.08 მეტრია, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 21-ე ადგილზეა. დიდი სლემების ტურნირებზე მისი ყველაზე დიდი წარმატება 2018 წლის უიმბლდონს უკავშირდება, როდესაც ნახევარფინალში გავიდა, იქ კი, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან 6:7 (6:8), 7:6 (7:5), 7:6 (11:9), 4:6, 24:26 დამარცხდა.

აშშ პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა. იქ უკვე 2 780 152 ადამიანია ინფიცირებული, 130 798 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები