Thumbnail

ბელგიურმა Voetbalkrant-მა ჟუპილერ ლიგის 4 ფეხბურთელი ჩამოთვალა, რომელთაც გასული სეზონის უმეტესი ნაწილი მძიმე ტრავმების გამო გაუცდათ, მატჩების განახლების შემდეგ კი, მათგან ბევრს უნდა ველოდეთ. სასიხარულოა, რომ ამ ოთხეულში გენტის ქართველი ტალანტი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა, რომელზეც აღნიშნული გამოცემა შემდეგს წერს:

“ამ სეზონში ჩაკვეტაძე მინდორზე 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იყო და სასტარტო შემადგენლობაში 2-ჯერ გამოჩნდა. ქართველმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმის გამო ექიმების ხელში დიდი დრო გაატარა, თუმცა, ბელგიის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის მზად უნდა ყოფილიყო. პანდემიამ სიტუაცია შეცვალა, თუმცა, ეს, გიორგისთვის ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. მას გაცილებით მეტი დრო მიეცა, რათა ახალი სეზონისთვის კარგად მოემზადოს და მისთვის ჩვეული თამაში აჩვენოს”.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სეზონის სტარტი ტრავმის გამო გაუცდა, სულ 9 შეხვედრაში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

ბელგიის ჟუპილერ ლიგა ერთ-ერთი იყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, აღარ განახლდა. საბოლოო ცხრილად მიმდინარე დამტკიცდა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითასის გენტი მე-2 ადგილზე იმყოფებოდა. ბელგიაში ახალი სეზონის დაწყების თარიღი არ გამოცხადებულა, მანამდე კი, გენტს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის. გენტი ტურნირში მე-3 შესარჩევი წრიდან (15-16 სექტემბერი) ჩაებმება.

კომენტარები

ბოლო ამბები