Thumbnail

'ის გონზე არაა' - ბარსელონას ყოფილმა ფორვარდმა კიკე სეტიენს შეუტია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონასა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა კრისტოფ დიუგარიმ მკაცრად გააკრიტიკა კატალონიური გრანდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი, ვის ხელშიც გუნდი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება.

“სეტიენი გონზე არაა. შეიძლება, ის ცუდი სპეციალისტი არ გახლავთ, თუმცა, არა იმ დონისთვის, როგორიც ბარსელონაა. მას არ ესმის, რა ცვლილებები საჭირო. ატლეტიკოსთან მატჩში სერხიო ბუსკეტსი ანსუ ფატით 85-ე წუთზე შეცვალა, ანტუან გრიზმანი კი თამაშში მხოლოდ 90-ე წუთზე ჩართო. ისე იქცევა, თითქოს ვერაფერში ერკვევა და შედეგიც შესაბამისია. ვერ ვიტყვი, რომ იგივე გრიზმანის მიმართ რაიმე პირადული წყენა აქვს, უბრალოდ, არაკომპეტენტურია. ამჯერად, ანტუანი დაიჩაგრა, სხვა დროს, შესაძლოა, იგივე რამ სხვას მოუვიდეს. ისე, მესისაც შეუძლია, გრიზმანზე უფრო ხშირად ითამაშოს, თუმცა, ეს, უკვე სხვა თემაა”.

აწ უკვე 48 წლის დიუგარი ბარსელონას ღირსებას 1997-98 წლებში იცავდა და ლა ლიგის ჩემპიონი გახდა. მას საფრანგეთის ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, საკლუბო დონეზე კი, ბორდოში, მილანში, მარსელსა და ბირმინგემშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში ბარსელონა ატლეტიკოსთან ფრეს (2:2) დასჯერდა და სატურნირო ცხრილში მადრიდის რეალს ქულით ჩამორჩება, თუმცა, “სამეფო კლუბს” თამაში მარაგში აქვს. კატალონიელებს ბოლო ოთხ მატჩში 3 ფრე აქვთ და თუკი ასე გაგრძელდა, საჩემპიონო რბოლას მალე ჩამოშორდებიან. ბარსა მომდევნო მატჩს შაბათს გვიან ღამით ვილიარეალთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები