Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა ლეროი სანეს ტრანსფერი სრულყო
  • როგორ ითამაშებს რეკორდმაისტერი მასთან ერთად?
  • ტიაგო ალკანტარას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია
  • ჰასან სალიჰამიჯიჩი სხვა ტრანსფერებსაც არ გამორიცხავს

მიუნხენის ბაიერნი ლეროი სანეს გადაბირებას ბოლო ერთი წელი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობდა და როგორც იქნა, სასურველი ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანა!

გერმანიის ნაკრების 24 წლის გარემარბი ბავარიულ გრანდში მანჩესტერ სიტიდან გადადის - რეკორდმაისტერი 50 მილიონ ევროზე ნაკლებს იხდის. სანე ბაიერნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაში მესამე ადგილზე იქნება - რობერტ ლევანდოვსკის და მანუელ ნოიერის შემდეგ. მას და მიულერს ერთნაირი ხელფასი ექნებათ.

‘ბილდის’ ინფორმაციით, სანე ბაიერნში მე-10 ნომერს მიიღებს, რომელიც ახლა ბარსელონადან არენდით აყვანილ ფილიპე კოუტინიოს აქვს. ბავარიელთა ახალწვეული გერმანიის ნაკრებიდან კარგად იცნობს ნოიერს, ზიულეს, კიმიხს, გორეტცკას და გნაბრის. ‘ბილდი’ წერს, რომ მისი საუკეთესო მეგობარი გუნდში ჯერომ ბოატენგია.

სანეს ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ ბაიერნი პირველ რიგში მარცხენა ფლანგზე გაძლიერდა და კინგსლი კომანი ძირითად შემადგენლობაში ადგილს, დიდი ალბათობით, დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ 24 წლის კომანი ბოლო დროს სტაბილურად კარგად ვეღარ თამაშობდა. როგორი იქნება ბაიერნის სასტარტო თერთმეტეული სანესთან ერთად? ფაქტია, რომ როცა ნიკლას ზიულე გამოჯანმრთელდება, ძირითადიდან ბოატენგიც ამოვარდება. სხვამხრივ, ბაიერნის სასტარტოში არაფერი იცვლება - გარდა იმ შემთხვევისა, თუ დავიდ ალაბა კონტრაქტს არ გააგრძელებს და გაყიდიან. ჯერჯერობით არავინ იცის, როგორ დასრულდება ალაბასთან მოლაპარაკებები.

ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა სანეს სახით სასურველი ფეხბურთელი მიიღო

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბაიერნს მარჯვენა მცველის, ბენჟამენ პავარის შემცვლელიც სჭირდება. მართალია, ამ უკანასკნელს არაფერი ემუქრება, მაგრამ გუნდში მეორე ხარისხიანი მარჯვენა მცველი საჭიროა. როგორც იცით, ალვარო ოდრიოსოლა ისევ რეალში ბრუნდება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ტიაგო ალკანტარას გუნდიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. კორენტენ ტოლისო და ხავი მარტინესი კი, დიდი შანსია, დარჩნენ.

ბაიერნის სასტარტო შემადგენლობა სანესთან ერთად - ბილდის ვერსიით

“ტრანსფერებისთვის კიდევ ბევრი დრო გვაქვს. 5 ოქტომბრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ყურადღებით უნდა ვიყოთ, იქნებ ჩვენი გუნდი კიდევ გავაძლიეროთ კიდევ უფრო უკეთესი, ან კარგი ფეხბურთელებით სათადარიგო შემადგენლობისთვის. ისე, ცხადია, რომ ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი,” - ეს ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები