Thumbnail
  • სერბ სპეციალისტს ლიგა ენდესას ფინალში თორნიკეს ბასკონიასთან მარცხი არ აპატიეს
  • სავარაუდოა, რომ სვეტისლავ პეშიჩს ლიეტუველი შარუნას იასიკიავიჩუსი შეცვლის

ესპანური ბარსელონა, რომელმაც ლიგა ენდესას ფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან წააგო, მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კატალონიელებმა კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს 70 წლის სერბ სპეციალისტ სვეტისლავ პეშიჩს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ევროპაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავდა, თუმცა, ტიტულის გარეშე დარჩა.

თამამად შეგვიძლია პეშიჩის მოხსნა შენგელიას ფაქტორსაც დავუკავშიროთ, რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შეგახსენებთ, რომ ბასკურმა კლუბმა ფინალი 69:67 მოიგო, ქართველი კალათბურთელი კი სასტარტო ხუთეულში იყო და 33:11 წუთში 14 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაც გახლდათ.

📋 მეტი ამ თემაზე:

ცნობისთვის, პეშიჩმა ბარსელონა კარიერის განმავლობაში მეორედ, 2018 წლის თებერვალში ჩაიბარა და გუნდს ესპანეთის თასი 2-ჯერ (2018, 2019) მოაგებინა, თუმცა, არ უმარჯვია ლიგა ენდესაზე და არც ევროლიგის “ოთხთა ფინალში” გასულა. საერთო ჯამში, სერბი მწვრთნელის ხელში კატალონიელებს 322 მატჩში 235 მატჩი აქვთ მოგებული, ტრიუმფალური კი 2003 წელი იყო, როდესაც ესპანეთის ჩემპიონობასთან ერთად, ევროლიგაც მოიგეს.

“ჩემი სამუშაო შესრულებულია და მოვიდა დრო ბარსელონას მთავარი მწვრთნელის როლი სხვა ადამიანს დავუთმო. ვამაყობ გაწეული სამუშაოთი და იმით, რასაც ბიჭებმა მიაღწიეს. მომავალშიც მზად ვარ, ბარსელონას ყველანაირად გვერდში დავუდგე. გუნდის ქომაგებსა და ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი”, - განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

სხვათა შორის, უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატალონიელთა ახალი დამრიგებელი ლიეტუვური ჟალგირისის თავკაცი შარუნას იასიკიავიჩუსი იქნება. ის მოლაპარაკებას თურქულ ფენერბაჰჩესთან აწარმოებდა და თითქოს საკითხი შეთანხმებული იყო, თუმცა, ბარსას ვარიანტის გაჩენის შემდეგ, შარუნასმა გადაწყვეტილება შეცვალა. როგორც ირკვევა, ის თანახაა, სტამბულელთა შეთავაზებასთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით ნაკლებ თანხას დასთანხმდეს, ოღონდ კი, კატალონიურ კლუბში იმუშაოს.

კომენტარები

ბოლო ამბები