Thumbnail
  • როჯერ ფედერერის პირველი გაბრწყინება საჩოგბურთო სამყაროში
  • ლეგენდა ირაკლი ლაბაძესთან 22 წლის წინანდელ ფინალზე საუბრობს

Tennis365-მა უიმბლდონის 1998 წლის ახალგაზრდული ტურნირის ფინალი გაიხსენა, რომელშიც ჩოგბურთის მომავალი ლეგენდა როჯერ ფედერერი ირაკლი ლაბაძეს შეხვდა...

გამოცემის აზრით, სწორედ ამ თამაშით გაიცნო საჩოგბურთო სამყარომ შვეიცარიელი ტალანტი: "როჯერ ფედერერის პირველი გაბრწყინება - ბევრს ეს უიმბლდონის 2001 წლის ფინალი ჰგონია სამპრასთან, მაგრამ არ არის სიმართლე", - წერს Tennis365.

"სამი წლით ადრე მას ოქროს მომენტი ჰქონდა უიმბლდონში, როცა სრულიად ინგლისის კორტებზე თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. 16 წლის შვეიცარიელმა ახალგაზრდული ტურნირის ფინალში ორ სეტში დაამარცხა ქართველი ირაკლი ლაბაძე.

ეს მატჩი უიმბლდონის ნომერ 2 კორტზე გაიმართა, რომელიც ახლა აღარ არსებობს. ეს კორტი ცნობილი იყო იმით, რომ იქ ხშირად ამარცხებდნენ ფავორიტებს. ფედერერის გამარჯვება კი იმის ნიშანი იყო, რომ წინა თაობის დრო მიდიოდა და როჯერის დრო ახლოვდებოდა. 

პუბლიკა მომავალი ჩემპიონის დაბადების მოწმე გახდა. მასზე უკვე ბევრს საუბრობდნენ და ჭაბუკმა როჯერმაც ბრწყინვალე თამაშით დაამტკიცა, რომ არცთუ უსაფუძვლოდ, მან ტიტული ისე მოიგო ერთი სეტიც არ დაუთმია".

უიმბლდონში ბოლო ვიზიტისას მედიასთან საუბარში თავად როჯერ ფედერერმა გაიხსენა ეს მატჩი:

როჯერი 1998 წლის ტურნირზე

როჯერ ფედერერი: "ამ ახალგაზრდული ტურნირის მოგება ძალიან კარგად მახსოვს. უიმბლდონზე თამაში და გამარჯვება ჩემი ოცნება იყო. და აი, ბალახზე ვარ ფინალში. კარგად მახსოვს, მსაჯს ვკითხე, ბადე ძალიან მაღალზე ხომ არ არის-მეთქი. ასე მეგონა, ფრენბურთის სიმაღლეზე იყო გაჭიმული. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ვნერვიულობდი.

ჩემთვის უდიდესი პატივია სამეფო ლოჟაში ასვლა და ტიტულის მიღება ცენტრალურ კორტზე. ეს იყო ჩემი ოცნება, ტურნირმა შთაგონება მოახდინა ჩემზე და მეც დავიმუხტე.

ყველაფერი საუკეთესოდ მოეწყო. ხდება ხოლმე, რომ უიმბლდონისთვის განეწყობი, მაგრამ რაღაც ისე არ არის, როგორც გინდა, იმ წელს კი იყო. ჩემი სასიყვარულო ისტორია ამ ტურნირთან იმ წელს დაიწყო. 

მაშინ სულ სხვანაირი ვიყავი, კორტზე ძალიან ემოციურად ვიქცეოდი, ჩოგნებს ვაგდებდი. რის გამოც მშობლები ხშირად მსაყვედურობდნენ. 17 წლის ასაკში მათ ჩემი ფსიქოლოგთან მიყვანაც კი გადაწყვიტეს. ამის შემდეგ დავწყნარდი. მას მერე, როცა ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მსურს, ვიხსენებ რა სამუშაო გავწიე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და მაშინვე ვწყნარდები".

38 წლის როჯერ ფედერერი ახლა მსოფლიოს მე-4 ჩოგანია. ის ვაჟთა შორის რეკორდსმენია გრანდ სლემის 20 ტიტულით. ის 310 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის წოდებას, რაც ასევე რეკორდია.

39 წლის ირაკლი ლაბაძემ კარიერა 10 წლის წინათ დაასრულა. 2004 წელს ლაბაძე მსოფლიოს 42-ე ჩოგანი იყო, რაც მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა. 2006 წლის უიმბლდონზე მან მე-4 წრეში ითამაშა, რაც გრანდ სლემის ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგია. 

1998 წლის ახალგაზრდულ უიმბლდონზე როჯერ ფედერერი მე-5 ნომრად იყო განთესილი, ირაკლი ლაბაძე კი - მეშვიდე ნომრად. ფინალამდე მათ 6-6 მეტოქე დაამარცხეს. ფინალში შვეიცარიელმა 6:4, 6:4 მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები