Thumbnail
  • 2 ივლისი  | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო ბათუმი V საბურთალო
  • ბათუმელებს სეზონის სამივე მატჩი ფრედ აქვთ დასრულებული
  • საბურთალოს ბოლო 2 შეხვედრაში გოლი არ აქვს გატანილი

საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი მორიგ მატჩს ბრინჯაოს პრიზიორ საბურთალოსთან ჩაატარებს და ეცდება, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმოს. გია გეგუჩაძის შეგირდებს გასული სამივე მატჩი ფრედ აქვთ დასრულებული და სატურნირო ცხრილში 1 ქულით ჩამორჩებიან საბურთალოელებს, რომელთაც უკანასკნელი 2 შეხვედრა უგოლოდ ჩაატარეს.

ბათუმელებს გასულ ტურში თელავთან საშინაო მატჩში დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. მართალია, დინამოელთა ბრაზილიელმა ლიდერმა ჯოვინომ პირველივე წუთზე გაიტანა, მე-2 ტაიმში ლაშა კოხრეიძემ ანგარიში გაათანაბრა და მეტოქეებმა ქულები გაიყვეს.

გასული მატჩის მსგავსად, თამაში ამჯერადაც მაყურებლების გარეშე ჩაივლის, რისის მიზეზიც კორონავირუსის პანდემიასთან არსებული რეგულაციებია. შეხვედრა ანგისას საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება, რომელიც ჯონი ბაკურიძის სახელობის გახლავთ. მოსალოდნელია, რომ საყვარელი გუნდის გასამხნევებლად ბათუმელი “შავი ზღვის პირატების” მორიგ პერფორმანსსაც ვიხილავთ. შეგახსენებთ, დინამოელთა ერთგულმა ქომაგებმა თელავთან შეხვედრისთვის ტრიბუნაზე სხვადასხვა ბანერები გამოკიდეს, ფან-სექტორში კი ფეხბურთელებს მუყაოსგან დამზადებული მინიატურული მეკობრეები დაახვედრეს.

დინამო ბათუმი 1:1 თელავი [26.06]

აჭარელმა გულშემატკივრებმა ყველა კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გააოცეს 💙 Black Sea Pirates - Dinamo Batumi Fan-Club 🏴‍☠

Posted by FC Dinamo Batumi on პარასკევი, 26 ივნისი, 2020

სავარაუდოა, რომ გეგუჩაძე მომავალი მატჩისთვისაც მისთვის ტრადიციულ სქემას (4-2-3-1) აირჩევს, სადაც გამოკვეთილ ფორვარდად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ვლადიმერ დვალიშვილს ვიხილავთ. შეტევაში მისი მთავარი დამხმარე ხსენებული ჯოვინო იქნება, რომელმაც მძიმე ტრავმის მოშუშება მოახერხა და ნელ-ნელა ფორმაში შედის. შესაძლოა, მეტი დრო მიეცეს ბათუმელთა ახალწვეულ გიორგი ნიქაბაძეს, რომელიც თელაველებთან მატჩში შეცვლაზე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიური იყო.

ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია მართებს საბურთალოს, რომელმაც 110-დღიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა მძიმე მარცხით გახსნა. თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ დინამო თბილისთან მატჩში სუსტად გამოიყურებოდნენ, 3 უპასუხო გოლი გაუშვეს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ლუკა ლაკვეხელიანიც მოისაკლისეს. საბურთალოს მარცხენა მცველმა 87-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და ბათუმურ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ჯიღაური: ჩვენი მიზანი არ იცვლება!

მიხეილ ალავიძე (დინამო ბათუმი): "ჩემპიონატის სტარტზე 3 ფრე კარგი ამბავი ნამდვილად არაა, მაგრამ გამოსწორება შეგვიძლია. საბურთალო ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთანაც რთულ თამაშს ველით, თუმცა თუ ჩემპიონობა გვსურს, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი ქომაგი. მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვებია, სტადიონს გარეთ მაინც დგანან და ბოლომდე გვქომაგობენ. რაც მალე დაუშვებენ ქომაგს სტადიონზე, მით უკეთესი იქნება ფეხბურთისთვის. მადლობა მათ კიდევ ერთხელ."

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): "საწყის ტურებში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება: აუცილებლად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. გვსურს, რომ საბურთალოსთან 3 ქულა ავიღოთ. მეტოქე კარგი, მებრძოლი გუნდია - შესაბამისად, არ უნდა მოვდუნდეთ და ქულები აუცილებლად უნდა ავიღოთ. ფორმატი ისეთია, რომ თითოეულ მატჩი მოსაგებად უნდა გავიდეთ. ევროტურნირებს რაც შეეხება: ყველაფერი წილისყრაზე იქნება დამოკიდებული. ქართულ გუნდებს დიდი ფუფუნება არ აქვთ ბევრი მოთამაშის. ამიტომ ნაკლები ტრავმირებული მოთამაშე უნდა გვყავდეს ევროტურნირის წინ. დინამო ბათუმის მიზანი რამდენიმე ეტაპის გადალახვა იქნება. იმედია, რომ წილისყრაში გაგვიმართლებს. ასევე ისიც გასათვალისწინებელია, სად ჩატარდება მატჩი, თუმცა ერთმატჩიან დუელებში აუცილებლად უნდა გვქონდეს იმედი, რადგანაც ერთი შეხვედრაა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს."

ბექა ქავთარაძე (საბურთალო): "პაუზამ პრობლემები შეგვიქმნა, რის გამოც დინამო თბილისთან დავმარცხდით. 4 თვის განმავლობაში ამხანაგური მატჩიც არ გვითამაშია. უმნიშვნელო შეცდომები დავუშვით დაცვის ხაზში და დავისაჯეთ. დინამო ბათუმთან რეაბილიტაცია გვჭირდება. გუნდი ეცდება, რომ დარჩენილი 15 მატჩიდან ქულათა მაქსიმუმი აიღოს და ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. მინიმუმ სამეულში უნდა შევიდეთ."

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი ფრედ აქვს დასრულებული.

⚽ საბურთალომ სეზონი მოგებით გახსნა, თუმცა, მომდევნო ორ შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და მხოლოდ ქულა აიღო.

⚽ გუნდები ეროვნულ ლიგაში ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და ფრედ მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ. საბურთალოს 5 მოგება აქვს, დინამო ბათუმს კი – 2.

⚽ გასულ სეზონში დინამო ბათუმი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

⚽ დინამო ბათუმი მიმდინარე სეზონში მე-4 მატჩს ჩაატარებს და აქედან მესამედ შინ ითამაშებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე – გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, ცინცაძე - ჯიღაური, ჯოვინო, გაფრინდაშვილი – დვალიშვილი.
ტრავმა: ვაგნერ გონსალვესი

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, ჭიჭინაძე – ალთუნაშვილი, ტერა – ტაბატაძე, ნონიკაშვილი, კოხრეიძე – ქავთარაძე.
დისკვალიფიკაცია: ლაკვეხელიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები