Thumbnail

რობერტ ლევანდოვსკი: რეალ მადრიდი დიდი გუნდია და ლოგიკურია, რომ დავფიქრდი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ მისი რეალში ტრანსფერი რეალური იყო
  • მიუნხენის ბაიერნის გოლეადორი ტრიპლზე ოცნებობს
  • პოლონელს მიაჩნია, რომ უფრო მეტიც შეუძლია

მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მადრიდის რეალთან ფლირტზე გულახდილად ისაუბრა.

“ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია იყო. რეალ მადრიდი დიდი გუნდია და ცხადია, ტრანსფერზე მეც სერიოზულად დავფიქრდი. თუმცა მაშინაც კი, როცა რეალში გადასვლაზე ვფიქრობდი, მთელი გულით ბაიერნს ვეკუთვნოდი. რეკორდმაისტერში ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გვაქვს. ოჯახისთვის კი ნორმალურია ის, რომ ერთ-ერთ წევრს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს და რაღაც-რაღაცები გაარკვიოს, პრობლემურ საკითხებს ნათელი მოჰფინოს,” - განუცხადა ბუნდესლიგის დასრულებული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ჟურნალ Sport Bild-ს.

ლევანდოვსკი ზედიზედ მესამედ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი

რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ლევანდოვსკის გადაბირებას წლების მანძილზე ცდილობდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს თვითონ პოლონელმაც მოისურვა მიუნხენის დატოვება და მადრიდში გადასვლა, მაგრამ ბაიერნის ხელმძღვანელებმა ტრანსფერი კატეგორიულად გამორიცხეს და რობერტს ამაზე სერიოზულად ფიქრი აუკრძალეს, რასაც ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობაში კრიზისი მოჰყვა.

თუმცა ლევანდოვსკი ახლა უკვე აღარ ნანობს, რომ მაშინ რეალში ვერ გადავიდა: “მიუნხენში ბედნიერი ვარ. 100 პროცენტით ბაიერნს ვეკუთვნი. კარგად ვიცი, როგორ მიდგას კლუბი მხარში.”

ეს ყველაფერი მისი შედეგებიდანაც ჩანს. ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ამ სეზონში 34 გოლი გაიტანა და ზედიზედ მესამედ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რითაც ლეგენდარული გოლეადორის, გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. ეს უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ ბაიერნს და ლევანდოვსკის ამ სეზონში ჯერ კიდევ შეუძლიათ ჰეთ-თრიკის შესრულება და ‘ტრიპლის’ მოგება - წინ გერმანიის თასის ფინალი და ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩებია.

'რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ'

“ჩემი აზრით, ცუდი სულაც არ არის ის, რომ ჩელსისთან საპასუხო მატჩიც ჩასატარებელი გვაქვს, რადგან ფორმაში შესვლა დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ძალიან მაგარი გუნდი გვყავს და რეალურად გვაქვს იმის შანსი, რომ აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართოთ. ყველა მოტივირებულია, ყველა კარგ ხასიათზეა, გუნდში ძალიან მაგარი ატმოსფეროა,” - დასძინა 31 წლის ცენტრფორვარდმა.

ლევანდოვსკის აზრით, მას კარიერის პიკისთის ჯერ არ მიუღწევია: “ჩემი აზრით, სადღაც 90 პროცენტთან ვარ. მიმაჩნია, რომ კარიერის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ მაქვს.”

 

კომენტარები

ბოლო ამბები