Thumbnail

ანდრეა პირლო მწვრთნელობას იწყებს - ტურინის იუვენტუსში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს
  • 41 წლის პირლო მომავალი სეზონიდან ტურინელ ახალგაზრდებს გაწვრთნის 

იტალიის ნაკრების, მილანისა და იუვენტუსის ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეა პირლო ტურინული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს გაწვრთნის, რომელიც სერია C-ში გამოდის.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ჯენოა
  • X
  • იუვენტუსი

იტალიური მედიის ინფორმაციით, 41 წლის სპეციალისტი, რომელმაც სამწვრთნელო ლიცენზია 2018 წლის შემოდგომით აიღო, "ბებერი ქალბატონის" 23-წლამდელთა გუნდს მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს, სადაც ფაბიო პეკიას შეცვლის.

პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი 2018 წელს ჩატარდა

აღსანიშნავია, რომ ეს ანდრეა პირლოს პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. ჯერ კიდევ ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირლო იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის შტაბში დასაქმდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ანდრეამ, რომელიც Sky Sport Italia-სთან თანამშრომლობდა, ეროვნული გუნდის წინადადებაზე უარი თქვა.

ანდრეა პირლო, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ტურინული კლუბის პრეზიდენტთან ანდრეა ანიელისთან, იუვენტუსის 23-წლამდელების გაწვრთნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოოდ დათანხმდა. მისი თანაშემწე რობერტო ბარონიო იქნება. 

ანდრეა იუვეში 2011-15 წლებში გამოდიოდა

ანდრეა პირლო მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ევროპის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონია. საკლუბო კარიერის განმავლობაში ის ბრეშაში, მილანში, ინტერში, იუვენტუსში და ნიუ იორკ სიტიში გამოდიოდა. ნახევარმცველმა 6 სკუდეტო მოიგო - 4 იუვენტუსში, 2 მილანში, “როსონერისთან” ერთად კი ორჯერ ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.

ტურინის იუვენტუსის 23-წლამდელთა გუნდი სერია C-ში გამოდის. 2019/20 წლების სეზონში გუნდმა A ჯგუფში მე-10 ადგილი დაიკავა და ამავდროულად, სერია C-ს თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები