Thumbnail
  • კრაუზე ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით ბულსი ასაკმა და ტრავმებმა დაშალა
  • მენეჯმენტს როდმანის, ლონგლის და პიპენის აღარ ეიმედებოდა

ჯერი კრაუზე ის კაცია, რომელმაც 6-გზის ჩემპიონი ჩიკაგო ბულსი შექმნა. ამის მიუხედავად, კალათბურთის ისტორიაში ის უფრო უარყოფით პერსონაჟად შევიდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სწორედ მას ბრალდება საჩემპიონო ბულსის დაშლა. კერძოდ, ფილ ჯეკსონთან კონტრაქტის არგახანგრძლივება და სკოტი პიპენის გაშვება. ამ ფაქტორებმა კი ავტომატურად გამოიწვიეს მაიკლ ჯორდანის გუნდიდან წასვლა.

კრაუზე უარყოფითი პერსონაჟია სულ ცოტა ხნის გამოსულ დოკუმენტურ ფილშიც ('უკანასკნელი ცეკვა'). თავად მას ამ ბრალდებებისთვის პასუხის გაცემა აღარ შეუძლია - 2017 წელს გარდაიცვალა. თუმცა, ჩვენ შემოგვრჩა ნაწყვეტები კრაუზეს ვერდასრულებული და არგამოქვეყნებული წიგნიდან, სადაც ის სწორედ ჩიკაგოს დაშლაზე საუბრობს. როგორ და რატომ დაიშალა ბულსი? ჯერი კრაუზეს ვერსია.

პრობლემები გუნდის შიგნით

'ჯერი კრაუზეს ეგო იმდენად დიდი იყო, რომ ჩემპიონობის მოპოვება ჯორდანის და ფილ ჯეკსონის გარეშე უნდოდა. ამიტომაც დაშალა ბულსი' - მსგავსი სიტყვები ათასჯერ მაინც მომისმენია და წამიკითხავს სხვადასხვა გამოცემის ფურცლებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში მთელი ამერიკის მასშტაბით. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, ამასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს.

ფილ ჯეკსონის მთავარი მწვრთნელობა კრაუზეს იდეა იყო

რასაც ახლა წაიკითხავთ, ადრე არასოდეს გინახავთ და გსმენიათ. ეს ამბავი არავინ იცის ჩემი, ჯერი რეინსდორფის და ბულსის ორგანიზაციიდან რამდენიმე კომპეტენტური პირის გარდა. მხოლოდ ჩვენ ვიცით, რა მოუვიდა ბულსს ექვსი ჩემპიონობის შემდეგ.

თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ჩემპიონი გუნდი მხოლოდ იმიტომ დავშალეთ, რომ საკუთარი ეგო დაგვეკმაყოფილებინა და გვინდოდა წარმატებები ამ მწვრთნელის და მოთამაშეების გარეშე მიგვეღწია?! თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ის ხალხი, რომლებმაც ამდენი წელი იშრომა გამარჯვებებისთვის და ზედიზედ ხდებოდა ჩემპიონი, იმდენად სულელები არიან, რომ თავის ეგოიზმის ვერ მიხედეს?!

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ორგანიზაციას, რომელიც მფლობელიდან დაწყებული, ქვედა რგოლებით დამთავრებული, ერთადერთი მიზნით, ჩემპიონობით იყო შეპყრობილი, ასე იოლად შეეძლო უარი ეთქვა გამარჯვებებზე?!

წაიკითხეჯორდანის ჩიკაგო - გუნდი, რომელმაც განსაზღვრა თაობა

1998 წელს, ბოლო ჩემპიონობის დროს, ჩვენი გუნდის შიგნით მოულოდნელად ბზარები გაჩნდა. აღტაცებული პუბლიკა ვერ ამჩნევდა დენის როდმანის ასაკს, ლუკ ლონგლის რეგრესს და მოთამაშეების ეფექტიანობის შემცირებას ზედიზედ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ჩატარებული 100-ზე მეტი შეხვედრის შემდეგ. მედიას და გულშემატკივარს არ აინტერესებდა, რომ ზაფხულში ჩიკაგოს დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის დრო არ ყოფნიდა იმისთვის, რათა გადაღლილ მოთამაშეებს ფიზმომზადების მწვრთნელის, ელა ვერმეილის, პროგრამის წყალობით ენერგია აღედგინათ. ამ მოთამაშეებმა ბოლო წლებში უფრო მეტი ითამაშეს, ვიდრე ლიგის ნებისმიერმა სხვა გუნდმა.

ტიტულების მოგება ნიშნავდა შემდეგ წელს დრაფტზე არჩევანის დაბალი ნომრის ქონას. ასე ხდებოდა ყოველ წელს. 1990 წელს მხოლოდ გაგვიმართლა, რადგან NBA-ში არ ეგონათ, რომ ტონი კუკოჩი ლიგაში მოდიოდა. ამიტომაც, ის მეორე რაუნდამდე არავინ აირჩია და ჩვენი მისი აყვანა შევძელით.

ამავე დროს, გულშემატკივარს და მედიას მსგავსი რაღაცები არ აინტერესებდა, ჩვენ ხომ მაიკლ ჯორდანი გვყავდა, რომელსაც ყველაფერის გაკეთება შეეძლო. მას შეეძლო, ეთამაშა სუსტ გუნდში, ცენტრის და მძიმე ფორვარდის გარეშე და მარტოს მოეგო. ანაც სკოტი პიპენი, რომელმაც ორი ოპერაცია გადაიტანა და 100 პროცენტით თამაში არ შეეძლო, ყველაფერს მოიგებდა მაიკლთან და სხვა, მეორე ხარისხოვან მოთამაშეებთან ერთად. მედიას ასეთი რაღაცების სჯეროდა.

ჯორდანი და პიპენი - ბულსის ლეგენდარული დუეტი

პუბლიკამ არ იცოდა, რომ ჩვენს მწვრთნელს, ფილ ჯეკსონს არ სურდა გუნდის დაშლა და ახალი გუნდის მშენებლობის დაწყება. უკანასკნელი სეზონის დაწყებამდე მან შეგვატყობინა, რომ სეზონის შემდეგ ერთწლიანი პაუზის აღება და დასასვენებლად თავის მშობლიურ მონტანაში წასვლა უნდოდა.

შეხვედრა ჯერი რეინსდორფთან

ახლა კი თქვენ წაგიყვანთ იქ, სადაც არცერთი გარეშე პირი არ ყოფილა - შეხვედრაზე 1998 წლის ივლისში. იქ ვიყავით მე, ჯერი რეინსდორფი (ბულსის მფლობელი), ჯიმ სტეკი (გენერალური მენეჯერის დამხმარე), ელ ვერმეილი, გუნდის ექიმები და ქირურგები, ირვინ მენდელი (ვიცე-პრეზიდენტი ფინანსების საკითხში) და კარენ სტოკი (გენერალური მენეჯერის მოადგილე).

ვერმეილმა მოთამაშეების ფიზიკურ მდგომარეობაზე ექიმებზე მეტი იცოდა. ის მათ მუდამ ამოწმებდა და ტესტავდა - ჩემპიონატის დროსაც და სეზონის დასრულების შემდეგაც. ჩვენ ვთხოვეთ მაშინდელ მწვრთნელს, ჩიპ შეფერს, რომ წერილობითი სახით მოეხსენებინა გუნდის ჯანმრთელობის და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. შეგახსენებთ, ფილ ჯეკსონმა გუნდიდან წასვლა ამ შეხვედრამდე 8 თვით ადრე გადაწყვიტა.

ჯერი კრაუზე და ჯერი რეინსდორფი

ჩემი პირველი კითხვა ლუკ ლონგლის შეეხებოდა, რომელსაც ბოლო წლებში პერიოდულად დასვენების საშუალებას ვაძლევდით ტერფების ტრავმის გამო. ელი და ექიმები ფიქრობდნენ, რომ ის მალე მიიღებდა ტრავმას.

მეორე პრობლემა ის იყო, რომ დენის როდმანის ცხოვრების წესის გამო, მისი ჯანმრთელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. სეზონის მიწურულს ისიც გადაწვის და ტრავმის ზღვარზე იყო.

გასაგებია. ესეიგი, ცენტრი არ გვყავს, არც მძიმე ფორვარდი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არც ფინანსები გვაქვს, რომ მათ ნაცვლად ვინმე სხვა ავიყვანოთ. ვინ დაიცავს ფარს და სამწამიანს იმ შემთხვევაში, თუკი ჯორდანი და პიპენი დაბრუნდებიან? ვინ მოხსნის ბურთს?

გადავედით პიპენზე. ბოლო ორ სეზონში მან ორი სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ამ ოპერაციებიდან ერთი გასული წლის ზაფხულის ბოლოს გაიკეთა, ისე, რომ ჩვენი ინსტრუქციები შეგნებულად დაარღვია და სეზონის ნაწილი გამოტოვა. მას სურდა, რომ ხელფასი ჰქონოდა სუპერვარსკვლავის დონეზე. გვიღირდა კი გარისკვა? უნდა დაგვეჯერებინა, რომ ამ სიტუაციაში, მით უმეტეს ცენტრის და მძიმე ფორვარდის გარეშე და ახალი მწვრთნელის ხელში, ის ჯორდანთან ერთად ძველებურად თამაშს შეძლებდა. ამაში ეჭვი მეპარებოდა.

შეძლებდა კი მაიკლი, დარჩენილიყო თავის დონეზე ცენტრის, მძიმე ფორვარდის და შესაძლოა პიპენის გარეშე? მაინტერესებს, ბილ რასელი შეძლებდა, ყოფილიყო ისეთივე დიდი მოთამაშე თანაგუნდელების გარეშე? არა!

ჯორდანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფილ ჯეკსონის გარდა, სხვა მწვრთნელთან არ ითამაშებდა. ჯეკსონმა თქვა, რომ ჩვენგან მიდიოდა. რას მოიმოქმედებდა მაიკლი?

ჩვენთვის ძალიან საჭირო სათადარიგო მოთამაშეები სტივ კერი და ჯად ბუშლერი თავისუფალი აგენტები ხდებოდნენ და თეორიულად, ბაზარზე უფრო მეტის ფულის გაკეთება შეეძლოთ, ვიდრე ჩვენ შევთავაზებდით.

შეგვეძლო კი, ჯეკსონი დაგვეთანხმებინა, დაბრუნებულიყო მწვრთნელად ცენტრის, მძიმე ფორვარდის და, დიდი ალბათობით, პიპენის გარეშე? თან ახალ სათადარიგოებთან ერთად, როდესაც გულშემატკივარს ისევ ძველებური იმედები და მოთხოვნები ჰქონდა და სჯეროდა, რომ ჯორდანი ყველაფერს მარტო შეძლებდა. შანსი არ არის. ფილი არ დათანხმდებოდა.

ბულსის სამეული - ჯორდანი, როდმანი, პიპენი - 1998 წლის სეზონის შემდეგ დაიშალა

ახლა დააყენეთ თქვენი თავი ჩემი და ჩემი კოლეგების ადგილზე. როგორ მოიქცეოდით? ჩვენ დავშალეთ საჩემპიონო დინასტია, თუ ის თავისით დაიშალა ასაკის, ტრავმების და გადაღლის გამო - მაშინ, როცა საკმარისი ფინანსები არ გვქონდა, რომ გადაღლილი მოთამაშეები ავტომატურად შეგვეცვალა.

მოთამაშეებზე ბოლომდე ვიზრუნეთ

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და არ დავუშვით ინფორმაციის გაჟონვა ამ შეხვედრიდან, რათა ჩვენი მოთამაშეებისთვის სხვა გუნდებში, ახალი, უკეთესი კონტრაქტების მიღების საშუალება მიგვეცა. ფინიქსმა ლუკ ლონგლის მთელი ცხოვრება უზრუნველყო ახალი 5-წლიანი კონტრაქტით და უზარმაზარი ხელფასით. სამი წლის მერე, მას შემდეგ, რაც ფინიქსმა ლონგლი მოიშორა და ნიუ იორკ ნიქსში გაუშვა, ის პენსიაზე გავიდა და ავსტრალიაში დაბრუნდა.

ქვიზი | როგორ გახსოვს ჯორდანის ჩიკაგო ბულსი?

როდმანმა კიდევ 35 თამაში ჩაატარა და უწინდელი ფორმა ვეღარ დაიბრუნა. ზაფხული მთავრდებოდა, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ლოკაუტის გამო, ლიგამ საწვრთნელი დარბაზები დახურა მოთამაშეებისთვის. ეს იმას ნიშნავდა, რომ იანვრამდე NBA აღარ დაიწყებოდა. ჯორდანმა სიგარის საჭრელი დანით თითი დაიზიანა და მთელი სეზონი ვეღარ შეძლებდა თამაშს. უნდა ითქვას, რომ მაიკლი პატიოსნად მოიქცა. მას შეეძლო, ჩვენთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა თავისი ხელის შესახებ ყველაფერი გვითხრა. ჯორდანს არ უნდოდა, რომ ახალი გუნდის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა.

იანვარში ლიგა უნდა განახლებულიყო და თავისუფალ აგენტებს კონტრაქტი გაეხანგრძლივებინათ. პიპენის აგენტებმა ე.წ. sign and trade გვთხოვეს, რათა სკოტის ჰიუსტონში წასვლის შემდეგ 20 მილიონი დოლარით მეტი მიეღო. პიპენს ეს უფრო აწყობდა, ვიდრე ჰიუსტონთან პირდაპირი კონტრაქტის გაფორმება. მე და ჯერი რეინსდორფმა სკოტის ეს საჩუქარი გავუკეთეთ. ის იმსახურებდა თავის პირველ დიდ კონტრაქტს. ჩვენ მის გამო ვაჭრობას არ ვაპირებდით.

ეს არის მთელი სიმართლე. ასე დაიშალა ბულსი.'

კომენტარები

ბოლო ამბები