Thumbnail

თორნიკე შენგელიას ბასკონიას მიმდინარე სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. 30 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათიდან, ბასკური კლუბი ბარსელონას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის ლიგა ენდესას ჩემპიონი გახდება. შეგახსენებთ, რომ შენგელიას კლუბმა ნახევარფინალში მინი-ტურნირის მასპინძელ ვალენსიას 75:73 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 17 ქულა ჩააგდო. თორნიკემ თავდაპირველად ეს მატჩი შეაფასა, შემდეგ კი, ფინალზეც ისაუბრა.

“ცხადია, ძალიან გახარებულები ვართ, თუმცა, მთავარი თამაში ჯერაც წინაა. ემოციები უნდა მოვთოკოთ და ფინალისთვის მზადება დავიწყოთ. ვალენსია კარგად გვყავდა შესწავლილი. ვცდილობდით, სამწამიან ზონაში მაქსიმალური უპირატესობა მოგვეპოვებინა, შედეგად, მეტოქე მეტწილად პერიმეტრიდან გვიტევდა და მოხსნებზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა. მე-3 მეოთხედიდან მოყოლებული დაცვაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ და ამან შესაბამისი შედეგი მოგვიტანა. ფინალში დიდი ბრძოლა გველის. ბარსელონა ძალიან ძლიერი გუნდია და ეს, ამ ტურნირზეც ვნახეთ, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მათთან წავაგეთ. ახლა, ელემენტები უნდა დავტენოთ და კარგად მოვემზადოთ. ბოლო მატჩია და ყველაფერს გავიღებთ”.

გამოკითხვა

ვინ გახდება ჩემპიონი

  • ბარსელონა
  • ბასკონია

ცნობისთვის, ბასკონიას ესპანეთის ჩემპიონატი ისტორიაში 3-ჯერ აქვს მოგებული და ყველა შემთხვევაში – მიმდინარე საუკუნეში: 2001-02, 2007-08 და 2009-10 წლების სეზონებში. შენგელიას კარგი შანსი აქვს, ბასკურ კლუბს გამარჯვებულის რანგში დაემშვიდობოს. შეგახსენებთ, რომ მისი მოსკოვურ ცსკა-ში ტრანსფერი გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევა და მის შესახებ ოფიციალურად ესპანური ლიგის დასრულების შემდეგ უნდა გამოცხადდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები