Thumbnail

არტეტას რეკონკისტა - არსენალის ბოლო იმედი იდენტობის ძიების პროცესში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • აგენტების და დირექტორების ქაოტური წრე კლუბის გარშემო
  • დაუბრუნებს ბასკი არსენალს იმ იდენტობას და ხასიათს რაც ვენგერმა ჰაიბერიზე დატოვა?

"ახლებურად ფიქრი" - ასე დაიწყო მიკელ არტეტას პრესკონფერენცია, როდესაც ბასკი არსენალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს. თითქმის მთელი კარიერა ბრიტანეთში ნათამაშები ესპანელი ამბობდა, რომ ფეხბურთელები საქმეს სხვა განწყობით, გადამდები პოზიტიური ენთუზიაზმით უნდა მიუდგნენ.

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, არტეტას ხელი გუნდს ნამდვილად დაეტყო, მაგრამ ეს რამდენიმე თვე საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გუნდში ძირეულად ყველაფერი შეცვლილიყო. გუშინ გარდიანზე ნიკ ეიმსის წერილში, ჟურნალისტი კლუბთან ასოცირებულ აგენტებზე და მათ გავლენებზე საუბრობდა.

რასაც ეიმსი ცნობილი საფეხბურთო აგენტის კია ჯურაბჩიანის მაგალითით ხსნის. კარლოს ტევესის და ფილიპე კოუტინიოს აგენტს, არსენალში დღეს ორი ფეხბურთელი ჰყავს - დავიდ ლუისის და სედრიკ სუარესი. ლუისი კლუბში ხელფასის მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა, თუმცა სათამაშო ფორმიდან გამომდინარე მუდმივად კრიტიკის ობიექტია, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეებში იგრძნობოდა სიტისთან დაშვებული შეცდომების შემდეგ.

სედრიკ სუარესს კი არსენალში გადმოსვლის დღიდან, მინდორზე ერთი წუთიც არ გაუტარებია - მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჯურაბჩიანის ორივე მოთამაშეს კლუბმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა. "კლუბის სტრუქტურაში რამდენიმე ხარვეზია, რაც მალე გამოსწორდება." - ამბობდა ჯურაბჩიანი რამდენიმე დღის წინ TalkSport-თან საუბარში.

ჯურაბჩიანის სიახლოვე კლუბის ხელმძღვანელობასთან საიდუმლო არაა, მაგრამ მსგავსმა კომენტარმა არსენალის ფანები მაინც გააკვირვა. ახლა უფრო ცხადი გახდა თუ რა დონის პრობლემებია კლუბში და რა პროცესები მიმდინარეობს - იდენტობის კრიზისი, რომელიც კლუბს დევიდ დინის წასვლის შემდეგ აწუხებს, სათავეს ალბათ სწორედ აქედან იღებს.

ივობის და უოლკოტის ევერტონში გადასვლის ამბავიც, კლუბის ტექნიკური დირექტორის - ედუს დიდიხნის მეგობრის - ჯურაბჩიანის შექმნილი საქმეა. მაგრამ მთავარი პრობლემა ალბათ მაინც ედუს ზევით უნდა ვეძებოთ, სადაც კლუბის დირექტორს ჯოშ კროენკეს აღმოვაჩენთ, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ევროპის ლიგის ბიუჯეტით შეიძლება.

არტეტა წელს გუნდის გაწმენდას აპირებს, მაგრამ გუნდში მოთამაშეების მოყვანის მეთოდი (ბიუჯეტიდან გამომდინარე), სავარაუდოდ იქნება დორტმუნდის ბორუსიას და რედ ბულ ზალცბურგის მსგავსი, გადაყიდვაზე ორიენტირებული და არა ისეთი გუნდების, ვისი დაწევის სურვილი და ამბიციაც ლონდონელებს აქვთ. 

არსენალის პოსტ-ვენგერული პერიოდი, დაახლოებით ის პროცესია, რაც ლივერპულმა ახალი ამერიკული მენეჯმენტის პირველ წლებში გაიარა - სუსტი და მეტწილად პოტენციალზე ორიენტირებული სატრანსფერო პოლიტიკა, ბევრი მოთამაშის ყიდვა, იდენტობის ძიების დაუსრულებელი პროცესი.

"ახლა ისეთი ხალხია კლუბის სათავეში, ვისაც ფეხბურთი კარგად ესმის. ეს გუნდის შედეგებზეც მალე აისახება..." - ასე დაასრულა ჯურაბჩიანმა თავისი ინტერვიუ, სადაც მეგობრის (ედუს) მენეჯერულ თვისებებს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

ფეხბურთში ინდივიდები ბევრ რამეს ცვლიან. ერთი კაცის განწყობა, გუნდში გადამდები ხდება და პირამიდის პრინციპით ზევით მიიწევს - იქნება არტეტა ის კაცი, ვინც არსენალს აგენტების, საბჭოს წევრების და ტექნიკური დირექტორების ქაოტური ქსელიდან გამოიყვანს? ამ ყველაფრის გასაკეთებლად, ბასკს იმ გრძნობის დაბრუნება მოუწევს, რაც არსენ ვენგერმა ჰაიბერიზე დატოვა - ამის პერსპექტივა კი ახალი სეზონის სტარტზე გამოჩნდება, სადაც არტეტას მიერ დაკომპლექტებულ ახალ არსენალს ვნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები