Thumbnail

ელგუჯა ლობჯანიძის კლუბში კორონავირუსმა იფეთქა - ინფიცირებულია 25 ფეხბურთელი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყაზახურ ქაისარში ფეხბურთელები კორონავირუსით მასობრივად დაინფიცირდნენ
  • დაავადებულთა შორის არის თუ არა ელგუჯა ლობჯანიძე, ჯერჯერობით უცნობია
  • მანამდე ქაისარი ყაზახეთის სუპერლიგაში სეზონის განახლებისთვის ემზადებოდა 

ყაზახურ საფეხურთო კლუბ ქაისარში, რომლის ღირსებას ელგუჯა ლობჯანიძე იცავს, ფეხბურთელები კორონავირუსით მასობრივად დაავადდნენ. დაინფიცირებულთა შორის არის თუ არა 27 წლის ქართველი ფორვარდი, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, უცნობია.

ელგუჯა ლობჯანიძე ქაისარის მთავარი მეგოლეა

ყიზილორდას გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე მისმა მთავარმა მწვრთნელმა სტოიჩო მლადენოვმა ისაუბრა:

"კორონავირუსზე ქაისარის 10 მოთამაშის ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. თუკი ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელებსაც ჩავთვლით, მაშინ ინფიცირებულთა რაოდენობა 25-ს მიაღწევს. მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრებს კორონავირუსი არ აღმოგვაჩნდა. ითამაშებს თუ არა ქაისარი? არ ვიცით. დღევანდელი ვარჯიში გავაუქმეთ, ველოდებით გადაწყვეტილებას", - აქვეყნებს მლადენოვის კომენტარს ყაზახური მედია.

ყაზახეთის ჩემპიონატი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში შეწყდა, 1-ელ ივლისს უნდა განახლდეს. ყიზილორდას ქაისარმა, რომელსაც საწყის ორ მატჩში ორი გამარჯვება აქვს, მე-3 ტურის შეხვედრა შინ თარაზთან უნდა ჩაატაროს. 

ქაისარმა მარტში გამართული ორივე მატჩი ელგუჯა ლობჯანიძის გოლებით, ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო - ირტიშსა და ოკჟეტპესთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები