Thumbnail

ბარსელონაში არეულობაა - ფეხბურთელებს კიკე სეტიენის მეთოდები არ მოსწონთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დაძაბულობამ სელტასთან მატჩის მერე იფეთქა, რომელშიც ბარსამ მორიგი ქულები დაკარგა
  • კატალონიურმა გრანდმა ლა ლიგის ბოლო 3 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო

ბარსელონაში, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან არადამაჯერებლად თამაშობს, აშკარა კონფლიქტია. ესპანური MARCA ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სელტასა და ბარსელონას ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კატალონიელთა გასახდელში არასასიამოვნო საუბარი შედგა.

როგორც ირკვევა, ბარსას ფეხბურთელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ვიგოელებთან შეხვედრისთვის არჩეული ტაქტიკის გამო გააკრიტიკეს და არც ის ცვლილებები მოუწონეს, რაც მან უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას შეიტანა.

აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ესპანურ გრანდში არაჯანსაღი ვითარებაა. ფეხბურთელებისთვის სეტიენის სამწვრთნელო მეთოდები მიუღებელია და თვლიან, რომ თუკი არაფერი შეიცვალა, მიმდინარე სეზონში ჯილდოების გარეშე დარჩებიან.

MARCA-ს ინფორმაციით, კულმინაცია სწორედ სელტასთან მატჩის შემდეგ დადგა და ფეხბურთელებმაც დაგროვილი ემოციების ერთიანად ამოთქმა არჩიეს, თუმცა, ყველაზე მეტად რომელი მოთამაშეები აქტიურობდნენ, არ დაწერილა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგის ბოლო სამ ტურში მხოლოდ 1 გამარჯვება იზეიმა და მართალია, ახლა, უშუალო კონკურენტ რეალს სატურნირო ცხრილში 1 ქულით უსწრებს, მადრიდელებს თამაში მარაგში აქვთ. ბარსას მომდევნო ტურშიც რთული მატჩი ელის, რადგანაც მადრიდის ატლეტიკოს უნდა უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები