Thumbnail

დღეს, თორნიკე შენგელიას ბასკონიას სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ბასკონიელები თბილისის დროით 22:00 საათიდან ვალენსიას გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში გავლენ, რაც უკვე დიდი წარმატება იქნება.

მომავალი მატჩის წინ, შენგელიამა და ბასკონიას მთავარმა მწვრთნელმა დუშკო ივანოვიჩმა ონლაინ-პრესკონფერენცია ჩაატარეს და ჟურნალისტთა კითხვებს ასე უპასუხეს. აი, რა თქვა ესპანური გუნდის ქართველმა კაპიტანმა, რომელსაც ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ:

“ძალიან გახარებულები ვართ, რომ ნახევარფინალში გავედით, თუმცა, მთავარი მატჩები წინაა. თუკი ვალენსიასთან წავაგეთ, წინა წარმატებებს ფასი დაეკარგება. არ მგონია, რომ ნახევარფინალისთვის ჩვენს თამაშში რაიმე განსაკუთრებული სიახლეების შეტანაა საჭირო. უბრალოდ, რასაც ვაკეთებდით, ის კიდევ უფრო დამაჯერებლად უნდა გავაკეთოთ. ჩემი აზრით, თამაშს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს და ყველაფერს მცირე დეტალები გადაწყვეტს. ტურნირის პერიოდში ხელი, ტერფი და წელი მაწუხებდა, ამდენად, კარგი იყო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დასვენების საშუალება მომეცა. ახლა, 100%-ით მზად ვარ. ცხადია, ვწუხვართ, რომ თამაში ცარიელი ტრიბუნების თვალწინ მოგვიწევს. მატჩზე ჩვენი ქომაგების ყოფნა დამატებითი ენერგიის მომცემი იქნებოდა”.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ესპანური ლიგა ენდესა ახალი ფორმატით გაგრძელდა და მას სრულად ვალენსიური La Fonteta მასპინძლობს. დღესვე შედგება ტურნირის მე-2 ნახევარფინალური მატჩიც, რომელშიც შეჯიბრის უმთავრეს ფავორიტად მიჩნეული ბარსელონა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველის, თად მაკფადენის სან პაბლო ბურგოსს გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები