Thumbnail
  • პეისერსს რეგულარულ ჩემპიონატში 8 მატჩი დარჩა ჩასატარებელი
  • ქართველი ცენტრის გუნდს პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2019-20 წლების სეზონის რესტარტის განრიგი გამოაქვეყნა, ამდენად, ცნობილი გახდა გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსის დარჩენილი მატჩების კალენდარიც.

მის თანახმად, ინდიანელები პირველ შეხვედრას, თბილისის დროით, 2 აგვისტოს დილას ფილადელფიას წინააღმდეგ ჩაატარებენ, შემდეგ კი, ვაშინგტონს (4 აგვისტო), ორლანდოს (5 აგვისტო), ფენიქსს (7 აგვისტო), ლეიკერსს (9 აგვისტო), მაიამისა (11 და 15 აგვისტო) და ჰიუსტონს (13 აგვისტო) ეთამაშებიან.

ამ დროისთვის, პეისერსის მაჩვენებელი 39 მოგება და 26 მარცხია და თუკი რეგულარული პირველობის დასკვნით მატჩებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, შესაძლოა, 20 წლის ქართველი ცენტრს მეტი სათამაშო დრო მიეცეს. ამ სეზონში ბითაძეს 49 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მონაგარი კი 3.1 ქულა, 2.0 მოხსნა, 0.4 პასი და 0.7 დაფარებაა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილ სეზონს 30 ივლისიდან, ჯამში, 22 გუნდი ორლანდოს (ფლორიდა) Walt Disney World Resort-ში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლის მკაცრად დაცვით განაახლებს. იმ 16 გუნდთან ერთად, რომლებიც კორონაკრიზისამდე პლეი ოფის ზონაში იყვნენ, ორლანდოში ის 6 გუნდი გაემგზავრება, რომლებსაც მაქსიმუმ 6 მოგებით ნაკლები აქვთ, ვიდრე მერვეადგილოსანს მათ კონფერენციაში.

გუნდები ორლანდოში რეგულარული სეზონის ფარგლებში კიდევ 8-8 მატჩს გამართავენ, რის შემდეგაც 16 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებს. პლეი ოფის პირველივე რაუნდიდან მატჩები ტრადიციულ, ბესტ-ოფ-სევენ-ფორმატით ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები