Thumbnail
  • მუნდიალი სიკვდილის ჯგუფის გარეშე.
  • რუსეთის ნაკრებს გაუმართლა.
  • რატომ უნდა გახდეს საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ პირველი დასკვნა ასეთი იყო: ე.წ. "სიკვდილის ჯგუფი" არ შედგა! პირველი და მეორე კალათებიდან გუნდების განაწილების შემდეგ, ამის შანსი იმ ჯგუფს ჰქონდა, სადაც პორტუგალია და ესპანეთი იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ, მათთან ერთად მაროკო და ირანი მოხვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ სასწაული არ მოხდა, პორტუგალიაც და ესპანეთიც მერვედფინალში უპრობლემოდ გავლენ.

მუნდიალის მაპინძელი რუსეთის ნაკრები საკმაოდ ადვილ ჯგუფში მოხვდა - ურუგვაისთან, საუდის არაბეთთან და ეგვიპტესთან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ნაკრებს, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ დასუსტებულია, იდეალური შანსი აქვს, ჯგუფიდან გავიდეს.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ვლადიმირ პუტინი

წილისყრის დასრულების შემდეგ გამოითქვა ბევრი ვარაუდი იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი. ამ თემაზე ახლა იმდენი აზრია, რამდენი კაციცაა - ერთი საინტერესო სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ზაფხულში საფრანგეთის ნაკრები უნდა გახდეს.

დიდიე დეშამის გუნდი ყოველგვარი სტატისტიკის გარეშეც მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მაინც - რატომ უნდა იზეიმოს საფრანგეთმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონობა?

ფრანგები C ჯგუფში არიან, სადაც ავსტრალიასთან, პერუსთან და დანიასთან ერთად მოხვდნენ. დეშამის გუნდი მთავარ მეტოქეს, დანიის ნაკრებს მე-3 ტურში შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ფრანგები და დანიელები ჯგუფში 1998 და 2002 წლების მუნდიალებზეც ერთად იყვნენ. 1998-ში, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საფრანგეთმა დანია 2:1 დაამარცხა (ჯორკაეფის და პეტის გოლებით). 2002 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კი, ამ გუნდების დუელი დანიის ნაკრებმა რომედალისა და ტომასონის გოლებით 2:0 მოიგო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ჯგუფში ჩატოვა.

2018 წელს ფრანგები მუნდიალს ავსტრალიასთან მატჩით დაიწყებენ, რომელმაც ოლეი ოფში ჰონდურასი დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე პლეი ოფიდან მოხვდა პერუს ნაკრებიც, რომელმაც ახალი ზელანდიის ბარიერი გადალახა.

ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გვეუბნება, რომ 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი უნდა გახდეს. საქმე ისაა, რომ ბოლო სამ მუნდიალზე (2006, 2010, 2014) სწორედ ის გუნდები ხდებოდნენ მსოფლიოს ჩემპიონები (იტალია, ესპანეთი, გერმანია), რომლებიც პირველი კალათიდან შევიდნენ ისეთ ჯგუფში, სადაც ფიფას რეიტინგში იმ დროისთვის ყველაზე წინ მყოფი გუნდები მოხვდნენ. 2018 წლის მუნდიალის შემთხვევაში ასეთი სწორედ C ჯგუფია, სადაც საფრანგეთის ნაკრები (მე-9 ადგილი რეიტინგში) სწორედ პირველი კალათიდან მოხვდა. და სწორედ ამ ჯგუფს აქვს საშუალოდ საუკეთესო მაჩვენებელი ფიფას რეიტინგის მიხედვით: დანია მე-11 ადგილზეა, პერუ მე-12, ხოლო ავსტრალია კი - 39.

მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა ჯგუფი

ესპანეთის ნაკრების გამოხმაურება

კომენტარები

ბოლო ამბები