Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური იბეროსტარ ტენერიფეს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ უძლიერესი ევროპული ჩემპიონატის საუკეთესოებში, შერმადინის გარდა, ფაკუნდო კამპაცო (რეალი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი), ალექს ბუტილი (უნიკახა) და ნიკოლა მიროტიჩიც (ბარელონა) შეიყვანეს, ამასთან, გიორგი ლიგის საუკეთესო ცენტრადაც აღიარეს. თავის მხრივ, მეორე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა თორნიკე შენგელია. შერმადინმა კომენტარი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდთან ისაუბრა:

“ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა როგორც ჩემთვის, ისე ამ ტიტულის ყველა მფლობელისთვის. აღნიშნული გამოკითხვის შესახებ ყველამ იცოდა და მოთამაშეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საუკეთესოთა შორის იმსახურებდნენ ადგილს, მოუთმენლად ელოდნენ შედეგების გამოქვეყნებას. ძალიან გასახარია, რომ საბოლოოდ, ქართველები ორივე ხუთეულში მოვხვდით, რასაც ყველა ჩვენს ქომაგს, ქართველს თუ არაქართველს, გულითადად ვულოცავ. თორნიკე შენგელიას ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ის პირველ ხუთეულში მოხვედრას იმსახურებდა. მოხარული ვარ, რომ პირადად ეს აღიარება მეორედ მერგო. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ კორონავირუსის შემდეგ განახლებული ფინალური ფაზის თამაშებში ვერ ვიყოჩაღეთ. იბეროსტარ ტენერიფემ საწყისი 2 მატჩი წააგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა. სამაგიეროდ, სასიხარულოა, რომ ნახევარფინალშია თორნიკე შენგელიას ბასკონია, რომელიც ვალენსიას ხვდება და იმედი მაქვს, ფინალში გასვლასაც მოახერხებს”.

კომენტარები

ბოლო ამბები