Thumbnail
  • რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ მესამედ გახდა ბუნდესლიგის ბომბარდირი
  • პოლონელი ამბობს, რომ მისი კარიერის პიკი ჯერ არ დამდგარა
  • რუმენიგე მას მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდს უწოდებს

არსებობენ ცენტრფორვარდები და არსებობს რობერტ ლევანდოვსკი!

ბაიერნის პოლონელმა გოლეადორმა ამ სეზონში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უნიკალური თავდამსხმელია და ბავარიული გრანდისა და გერმანული ფეხბურთის უდიდეს ლეგენდას გაუთანაბრდა.

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის 34 ტურში 34 გოლი გაიტანა და ზედიზედ მესამედ გახდა გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. შედარებისთვის: მეორე ადგილზე ლაიპციგის ჩელსისკენ მიმავალი ფორვარდი ტიმო ვერნერი გავიდა 28 გოლით. ამრიგად, ლევანდოვსკი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირობა ზედიზედ სამჯერ შეძლო. პირველი ერის გოლეადორად წოდებული გერდ მიულერი გახლდათ, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ მესამე ბომბარდირობა 1973/74 წლების სეზონში იზეიმა.

და რობერტი ამით არ კმაყოფილდება. კითხვაზე, არის თუ არა კარიერის პიკში, 31 წლის პოლონელმა France Football-ს ასე უპასუხა: “ჯერ არა. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის საუკეთესო მომენტი წინ მაქვს.”

რეკორდმაისტერის რეკორდფორვარდს თავის წარმატების საიდუმლოდ ის ფაქტი მიაჩნია, რომ ყოველთვის კონცენტრირებულია და მატჩის დროს ყურადღებას ერთი წამითაც კი არ ადუნებს: “მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გოლი მაქვს გატანილი თამაშში, ბოლო წამამდე კონცენტრირებული ვარ. ეს მეხმარება იმაში, რომ ბევრი გოლი გამქონდეს,” - თქვა მან ბელგრადის ცრვენა ზვეზდასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, რომელიც ბაიერნმა 6:0 მოიგო და რომელშიც ლევანდოვსკიმ პოკერი შეასრულა.

ამ სეზონში იყო მომენტები, როცა ბევრი ფანი ფიქრობდა, რომ ლევანდოვსკი გერდ მიულერის ყველაზე მაგარ რეკორდსაც დაამხობდა და ბუნდესლიგის სეზონში 40 გოლზე მეტს გაიტანდა (გერდმა ეს 1971/72 წლების სეზონში შეძლო). პოლონელმა სეზონი იდეალურად დაიწყო და პირველ 11 ტურში მინიმუმ 1 გოლი გაჰქონდა, მერე კი ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო 3 მატჩი გამოტოვა. ამის იმედი მას ახლა მომდევნო სეზონში აქვს. 

“დიდხანს ვფიქრობდი, რომ გერდის რეკორდს ვერავინ მოხსნიდა, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ ამის შანსი რობერტს აქვს. ლევანდოვსკი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია!” - ეს ბაიერნის ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

რუმენიგე ლევანდოვსკის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდად მიიჩნევს

პოლონელმა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობა საერთო ჯამში მეხუთედ იზეიმა. მისი ერა 2013/2014 წლების სეზონში დაიწყო - მაშინ დორტმუნდის ბორუსიას რიგებში გახდა ბომბარდირი. 2015/16, 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში ეს ბაიერნის ფორმით მოახერხა, ამ სეზონის 33-ე ტურში კი კიდევ ერთი რეკორდიც დაამყარა: გახდა პირველი არაგერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის ერთ სეზონში მინიმუმ 32 გოლის გატანა შეძლო.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ შარშან ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ანუ, გერდ მიულერის სუპერ-რეკორდს რეალური საფრთხე ემუქრება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები