Thumbnail
  • ესპანეთის ჩემპიონატში სეზონის საუკეთესო ხუთეულები და MVP გამოავლინეს
  • ლიგის საუკეთესო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინი მოხვდა
  • მეორე ხუთეულში ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია დაასახელეს  

ტენერიფეს ქართველი ლეგიონერი გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის (Liga Endesa) 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ცენტრად დაასახელეს. 

სპეციალურ გამოკითხვაში, რომელშიც გულშემატკივრები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და თავად კალათბურთელებიც მონაწილეობდნენ, ესპანური ლიგის სეზონის სასტარტო ხუთეული შედგა და მასში 31 წლის შერმადინთან ერთად, ფაკუნდო კამპაცო (რეალი), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუდი), ალექს ბუტილი (უნიკახა) და ნიკოლა მიროტიჩი (ბარელონა) მოხვდნენ.

ეს აღიარება გიორგი შერმადინისთვის კარიერაში პირველი არაა. ქართველი ცენტრი სეზონის საუკეთესო ხუთეულში 2016/17 წლების სეზონშიც მოხვდა. მაშინ გიორგი ანდორას ღირსებას იცავდა.

ესპანური ლიგის მეორე ხუთეულში მოხვდა ბასკონიას კაპიტანი თორნიკე შენგელია. 28 წლის ქართველ ფორვარდთან ერთად არიან: მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ალბერტო აბალდე (ვალენსია), ადამ ჰანგა (ბარსელონა) და ვალტერ ტავარეში (რეალი).

ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ად ბარსელონას ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი დასახელდა. 29 წლის კალათბურთელმა შესაძლებელი 100 ქულიდან 90 მოიპოვა და უკან ფაკუნდო კამპაცო (65) და გიორგი შერმადინი (25) ჩამოიტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები